საქართველოში მოხმარებული ენერგიის 40% – საყოფაცხოვრებო დანახარჯებზე, მისი უმეტესი ნაწილი კი შენობათა გათბობა-განათებაზე მოდის. სპეციალისტთა შეფასებით, შენობის სასარგებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველო 5-ჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს იმავე კლიმატურ ზონაში მდებარე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით გათბობისთვის მოხმარებული ენერგიის 25-30% უბრალოდ იკარგება. ეფექტური ღონისძიებების გატარების შემდეგ ოჯახის დანახარჯი ბუნებრივი აირისა თუ ელექტროენერგიის გადასახადზე შესაძლოა, თითქმის მესამედით შემცირდეს.
ნოზაძეების ოჯახი ქალაქის გარეუბანში, 6-ოთახიან კერძო სახლში, ცხოვრობს. ოთახებს ერთმანეთთან ღია თაღები აკავშირებს. სახლს პატარა ეზოც აქვს. „აქამდე შეშის ღუმელით ვთბებოდით. სამზარეულოში გვედგა. სხვა ოთახებს კი ნაწილ-ნაწილ ვათბობდით – ხან ელექტროღუმელით, ხანაც – ნავთქურით. ახლა შეშაც გაძვირდა და ნავთიც. თან ასე სახლის გათბობა მოუხერხებელი იყო, სისუფთავის შენარჩუნებაც ჭირდა. ამიტომ წელს ცენტრალური გათბობის დაყენება გადავწყვიტეთ,“ – ამბობს ოჯახის დიასახლისი.
6 ოთახში ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის დაყენება ოჯახს 3000 ლარი დაუჯდა. მათი ყოველთვიური გადასახადი ზამთრის თვის განმავლობაში 160-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. „როცა აცივდა, მარტო ცენტრალური გათბობა არ გვყოფნიდა და მასთან ერთად რამდენჯერმე ნავთქურის ანთებაც მოგვიხდა,“ – ამბობს ოჯახის უფროსი. მის სახლს ხის კარ-ფანჯარა აქვს.
სითბოს დანაკარგების შემცირებაზე მუშაობა ენერგოეფექტურობის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა. ენერგოეფექტურობა კი ნაკლები ენერგიის გამოყენებით მეტი სარგებლის მიღწევას გულისხმობს.
სახლებიდან დაკარგული სითბო, ფინანსურის გარდა, ეკოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს – გამოიყოფა მეტი ნახშირორჟანგი, რაც გარემოს აბინძურებს. სახლების არასწორად გათბობამ შესაძლოა, სასუნთქი გზების დაავადებებიც გამოიწვიოს.
„ჩვენი შენობების უმეტესობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული. მაშინ კი ენერგორესურსები იმდენად იაფი იყო, რომ მშენებლობისას სითბოდამცავ ღონისძიებებს არ ითვალისწინებდნენ. შედეგად, საქართველოში გათბობისთვის ორ-სამჯერ მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს იმის გამო ხდება, რომ იქ მშენებლობისას თბოიზოლაციის წესები დაიცვეს“, – განმარტავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე. მისივე თქმით, სითბოდამცავ ღონისძიებებს არც თანამედროვე ქართული სამშენებლო კომპანიები ატარებენ.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ აწესებს სტანდარტებს, რომლებიც შენობათა თბოეფექტურობას გაზრდის. შესაბამისად, არავინ ამოწმებს სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლების თბოტექნიკურ მახასიათებლებს. კომპანიები კი ცდილობენ, ნაკლები დანახარჯებით მეტი მოგება ნახონ. სწორედ ამიტომ ისინი ზოგჯერ კედლის სისქის დაპატარავებით სახლის აშენებაზე გაწეულ ხარჯებს ამცირებენ.
კედლების გასქელება, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჩასმა, მზის ენერგიის გამოსაყენებლად ფანჯრების მდებარეობის განსაზღვრა, ღრიჭოების ამოვსება და შენობათა შემომზღუდავი კონსტრუქციის თბოიზოლირება (სახლის „შეფუთვა“) – ეს ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიათა არასრული ჩამონათვალია.
მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა ენერგორესურსებზეც. მათი მარაგები კი მთელ მსოფლიოში თანდათან იწურება. ამიტომ, ალტერნატიული რესურსების მოძიებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ხელთ არსებული და ყოველდღიურად გამოყენებული ენერგიის დაზოგვა. მეცნიერთა გამოთვლებით, საჭირო ღონისძიებების გატარების შემთხვევაში მსოფლიო მოსახლეობის მიერ ფუჭად მოხმარებული, ე.ი. გაფლანგული ენერგიის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი. საჭირო ღონისძიებები კი, უპირველესად, ენერგოეფექტურობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.
საქართველოში საზოგადოების ინფორმირებასა და მისთვის საჭირო რჩევების მიწოდებაზე „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ ზრუნავს. ორგანიზაცია 12 წლის წინ ევროკავშირის მხარდაჭერით დაფუძნდა. სახლებში სითბური დანაკარგების შესამცირებლად ორგანიზაციის ექსპერტებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ვინაიდან დაკარგული სითბოს დიდი წილი კარ-ფანჯრებიდან ნიავდება, ექსპერტებიც, პირველ რიგში, მეტალოპლასტმასის ჩარჩოიანი, ორმაგმინიანი კარ-ფანჯრით მათს შეცვლას გვირჩევენ. მაგრამ თუ ამ ძვირადღირებული ცვლილების შესაძლებლობა არ გვაქვს, თითქმის იმავე ეფექტის მიღწევა უფრო მარტივადაც შეიძლება: გავჭრათ ჩარჩო და ჩავსვათ მეორე მინა, ან უკვე ჩასმულ მინაზე ავაკრათ სითბოს დამზოგი გამჭვირვალე ფირი, რომელიც ჩვენი ფანჯრიდან სითბოს გადინებას 60-70%-ით შეამცირებს. ჯამში, კარ-ფანჯრების მოწესრიგების შედეგად სახლებიდან დაკარგული სითბოს რაოდენობა 10-25%-ით შემცირდება.
სითბო იკარგება დაუთბუნებელი იატაკისა და ჭერის გავლითაც. მათი თბოიზოლირებისათვის შესაძლოა მატყლის ან შალის საგებების გამოყენება. სპეციალური ფირფიტებით თბუნდება ოთახის კედლები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სითბურ დანაკარგებსაც. 3-სანტიმეტრიანი ფირფიტები კედლებს ეკვრის და ოთახში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია სახლის კედლების კარგად დათვალიერებაც და თითოეული ხვრელისა თუ ღრიჭოს ამოვსება რაიმე მკვრივი ნივთიერებით, სამონტაჟო ქაფით ან სილიკონის ჰერმეტიკით.
ნოზაძეების თქმით, გათბობის ბატარეები ოთახების ფართის მიხედვით შეარჩიეს. ენერგიის დასაზოგად კი მათ რჩევები არავისგან მიუღიათ. შედეგად, სახლში ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგაც თებერვლის შედარებით ცივ დღეებში მათი სამზარეულო ვერ გათბა. ოჯახს დამატებით ნავთქურის გამოყენება მოუხდა.
“ენერგოეფექტურობის ცენტრში“ გვირჩევენ, ენერგია დავხარჯოთ და არ დავკარგოთ. ასე ჩვენს ოჯახებს – ფინანსებს, პლანეტას კი სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ.