ახალი ამბებისამართალი

წულუკიანი: არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ერთი მშობლის თანხმობით ვეღარ მოხდება

29 იანვარი, 2016 •
წულუკიანი: არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა ერთი მშობლის თანხმობით ვეღარ მოხდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მის ინიციატივას, რომ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთი მშობლის მიმართვის შედეგად ბავშვის პასპორტი გაუქმდეს და, შესაბამისად, მეორე მშობელმა მისი საზღვარგარეთ გაყვანა ვეღარ შეძლოს.

მინისტრი განმარტავს, რომ არასრულწლოვანისთვის პასპორტის აღება ორივე მშობლის თანხმობას საჭიროებს, თუმცა დღეს არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბავშვის ინტერესს დაიცავს მაშინ, თუკი მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მანამდე აღებული პასპორტით მოაშოროს არასრულწლოვანი შვილი მეორე მშობელს და გაიყვანის საზღვარგარეთ.

”ასეთ შემთხვევაში, ბავშვი არ არის დაცული იმისგან, რომ ის არ გახდეს მშობლებს შორის უთანხმოების მსხვერპლი,”- აცხადებს მინისტრი.

წულუკიანის თქმით, მთავრობა შეთანხმდა ახალი მექანიზმების შექმნის თაობაზე იმისათვის, რომ მშობლებს შორის კონფლიქტის დროს დაცული იყოს ბავშვიც და  ერთი-ერთი მშობელიც თავისი მეუღლის ან პარტნიორისგან.

“ჩვენ შემოვიტანთ ვალდებულებას მშობლებისთვის, რომ როდესაც ისინი აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, ისინი შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს და გაათვითცნობიერებენ იმას, სავალდებულო წესით, რომ დიახ, პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი და როდესაც სამგზავრო დოკუმენტს უღებენ საკუთარ ბავშვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე მშობელმა ის შეიძლება გაიყვანოს მისი თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ.

მეორე, ჩვენ კანონში შევიტანთ ცვლილებას და მივცემთ მშობლებს იმ ბერკეტს, რომელიც დღეს არ აქვთ. ერთი მშობლის მოთხოვნა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მანამდე მისი თანხმობით გაცემული პასპორტი გაუქმდეს,”- აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თუმცა, სანამ ეს ცვლილება შევა ძალაში, წულუკიანი ამბობს, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები, რომელთაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ:

“თუკი აუღებთ ერთობლივი თანხმობით თქვენს შვილებს პასპორტებს და გაჩნდა კონფლიქტი, მაშინვე მიმართოთ იუსტიციის სახლებს, ჩვენს ტერიტორიულ  სამსახურებს და უკვე მოითხოვოთ პასპორტის გაუქმება იმისათვის, რომ ის ბავშვი, რომელიც არასრულწლოვანია, რომელიც თვითონ არ აკეთებს არჩევანს, არ აღმოჩნდეს მსხვერპლი ორ სრულწლოვან ადამიანს შორის გაჩენილი უთანხმოების,”- ამბობს ის.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევები სულ უფრო და უფრო მრავლდება:

“სულ ბოლოსაც გვქონდა შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მყოფმა მამამ პასპორტით, რომელიც მშობლებმა ჰარმონიული თანაცხოვრების პირობებში აუღეს ბავშვს, რეალურად, დედას შვილი მოსტაცა და წაიყვანა საზღვარგარეთ. იუსტიციის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ჩვენს ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობა შედგეს, მივაკვლიოთ, ეს ბავშვი მამასთან ერთად სად იმყოფება, დავუბრუნოთ დედას ისე, რომ მამის უფლებაც არ დაირღვეს და სასამართლო პროცესის ფარგლებში მოვაქციოთ ეს ყველაფერი,”- განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი