თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს 175 ავტობუსი შეემატება, რომელთა შეძენას თბილისის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიღებული სისხით აპირებს.
სატენდერო პირობების თანახმად, რომელიც ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ავტობუსების შემსყიდველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა, რომელმაც ავტობუსების EBRD-ისგან გამოყოფილი სესხის ფარგლებში უნდა შეიძინოს.
სატენდერო პირობების თანახმად, მასში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეუძლია. ტენდერში მონაწილე კომპანია, თუკი ავტობუსის მწარმოებელი არ იქნება, მწარმოებლისგან ავტორიზებული პირი უნდა იყოს.
ტენდერში მონაწილე კომპანიას ან მწარმოებელს ამ სფეროში მუშაობის სულ მცირე 15-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ასევე, კომპანიას ევალება, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე თუ დასრულებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინოს.
სატენდერო პირობის მიხედვით, კომპანიამ უნდა შემოიყვანოს მეთანის გაზზე (Compressed natural gas) მომუშავე ავტობუსი. ავტობუსების მწარმოებელს ან მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს თბილისში წარმომადგენლობა.
მწარმოებელს და მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად დამოწმებული ხარისხის მართვის სულ მცირე ISO 9001 ან მასთან გათანაბრებული სტანდარტი, ხოლო გარემოს დაცვის დამოწმებული ISO 14001 ან მასთან გათანაბრებული სტანდარტი.
ტენდერი 2016 წლის 9 მარტს დასრულდება. მასში მონაწილე სუბიექტებმა ტენდერის დაზღვევის სახით 700 ათასი ევრო უნდა წარადგინონ.