ახალი ამბები

ბესელია: გვაქვს ინფორმაცია, რომ ელისაშვილი კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული

18 იანვარი, 2016 • 1489
ბესელია: გვაქვს ინფორმაცია, რომ ელისაშვილი კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის კორუფციულ გარიგებაშ მონაწილეობის შესახებ:

“კომისიის მიმართ სამდურავი იყო დიდი და პრეტენზიები იყო ასევე ძალიან დიდი. იყო პერიოდი, როცა კომისია საერთოდ არ იხილავდა ამ საქმეებს თვეების განმავლობაში, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით. ელისაშვილის მიმართ სხვა ეჭვებიც არსებობს და მე მისი სტანდარტით ვერ ვიმოქმედებ, უაპელაციო ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ არის ბევრი ეჭვი. ასეთი ინფორმაციები, რომ ის თავად არის კორუფციულ გარიგებებში ჩართული თავის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან ჩვენც გვაქვს მოწოდებული და შესაბამის სამსახურებსაც აქვს,”– განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ჩართულები არიან ელისაშვილი, ელისო კილაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავისუფალი დემოკრატების წევრთა ნაწილი.

თავად ალეკო ელისაშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ხელფასის გარდა არაფერი აიუღია:

“ერთი პატარა ხატი წამოვიღე შეწყალების კომისიიდან, პატიმრის გაკეთებული, პატიმრის დედამ მაჩუქა. ხელფასის მეტი მე არ ამიღია 5 თვის განმავლობაში არაფერი, მოუხედავად იმისა, რომ უამრავი შემოთავაზება იყო,”– აცხადებს ელისაშვილი.

 

  • ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ პირველად, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 2015 წლის 7 დეკემბერს დაწერა; მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებაზე ისაუბრეს.
  • პროკურატურამ საქმეზე გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი)
  • როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ელისაშვილი საუბრობდა, “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულთა შეწყალების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი და კიდევ 1.5 მილიონი უნდა აეღოთ.
  • 22 დეკემბერს ელისაშვილმა დააკონკრეტა, რომ მისგან  “კოკაინის საქმის” ფიგურანტების შეწყალებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ითხოვდნენ.
  • “კოკაინის საქმის” ფიგურანტები კი კატეგორიულად უარყოფენ, რომ პოლიტიკოსებს ფული გადაუხადეს.
  • ელისაშვილის მტკიცებით, 2014 წელს, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე უამბო როგორც პრეზიდენტს, ასევე მაშინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს.
  • გიორგი გოგაძე, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, ამბობს, რომ პოლიტიოსების მხრიდან ზეწოლის საკითხზე ელისაშვილს მასთან არასოდეს უსაუბრია,
  • პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით კი პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ელისაშვილმა მართლაც წააკითხა მესიჯები, სადაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
  • პროკურატურა კი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის მესიჯები ელისაშვილის მობილურზე არ აღმოჩნდა. მობილური ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
  • ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი