ნეტგაზეთი | GNCC-მ ბილაინისა და კავკასუს ონლაინის შერწყმის საკითხზე საქმის წარმოება დაიწყო GNCC-მ ბილაინისა და კავკასუს ონლაინის შერწყმის საკითხზე საქმის წარმოება დაიწყო – Netgazeti

GNCC-მ ბილაინისა და კავკასუს ონლაინის შერწყმის საკითხზე საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს მობიტელისა (ბილაინის) და კავკასუსის ერთობლივი განცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. შპს „მობიტელს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენა სურს. კომისიაში პირველი ზეპირი მოსმენა 9 თებერვალს გაიმართება.

კომპანიების მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის  (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, რაც გულისხმობს ქსელური ინფრასტრუქტურას და მაგისტრალებს, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის (ფოთი-ვარნა) დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს, ოპერირების გაგრძელებას.

განცხადების ავტორმა კომპანიებმა საჭირო დოკუმენტაცია კომისიას იანვრის ბოლომდე უნდა წარუდგინონ. დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციას მათ თავად კომისია რამდენიმე დღეში მიაწვდის. კომისიამ კავკასუს ონლაინსა და ბილაინს ურჩია ჩამოყალიბდნენ, კონკრეტულად რა წინადადება აქვთ მათ კომისიის მისამართით, რადგან ამ ეტაპზე წარდგენილი მიმართვაში არ არის განსაზღვრული შემდგომი ეტაპები და ამ ყველაფერში კომისიის როლი.

GNCC-მ უნდა შეისწავლოს, აღნიშნულმა ტრანზაქციამ რა შესაძლო ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს და უქმნის თუ არა ის საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. საქმის განხილვისათვის კანონით 3 თვეა განსაზღვრული.

“საკითხი არ ეხება კავკასუს ონლაინის საკუთრებაში არსებულ მაგისტრალურ ქსელებს; მათ შორის, ფოთი-ვარნას ქსელს, რომლის გაყიდვის შესალებლობა მოცემული ტრანზაქციით არ არის შესაძლებელი. ის დარჩება კავკასუს ონლაინის მფლობელობაში,” – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე.

კომისიამ კომპანიების შერწყმის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა 9 თებერვალსვე მიიღოს.

ეროვნულმა კომისიაში გამართულ სხდომას დღეს ასევე ესწრებოდნენ კომპანიების წარმომადგენელი იურისტები, რომლებმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი