ახალი ამბები

კობახიძე: მურუსიძის არჩევა საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა

25 დეკემბერი, 2015 • 1295
კობახიძე: მურუსიძის არჩევა საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების სამართლიან მოთხოვნას ეწინააღმდეგება:

“მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას. მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება”, – წერს კობახიძე ფეისბუკზე.

იმისათვის, რომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აერჩიათ, საბჭოსსაბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო. საბოლოო ჯამში, მან სწორედ 10 ხმა მიიღო. 10-დან 7 ხმა მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ხოლო 3 ხმა არამოსამართლე წევრებისაგან მიიღო. სამივე არამოსამართლე წევრი ამ მოწვევის პარლამენტის მიერ არის არჩეული.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირეს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი, გოჩა მამულაშვილი [პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი], ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო კენჭისყრას. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან მურუსიძეს ხმა არ მიუცია საკუთარი თავისთვის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

იყო სულ 11 ბიულეტენი, აქედან 10 ხმა მიიღო მურუსიძემ. შესაბამისად, მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ [პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი], ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ [პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი], ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ [პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი] და ლევან თევზაძემ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი