სამართალი

თამარ ალანია: იუსტიციის საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალია

25 დეკემბერი, 2015 • 1980
თამარ ალანია: იუსტიციის საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალია

საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ალანიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ხმა მურუსიძეს მისცა. იგი ამბობს, რომ საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან თავისუფალია.

“აბსოლუტურად თავისუფალია იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისაგან, ასევე მოგეხსენებათ, რომ შედგება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან. თითოეული ჩვენგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ საზოგადოების მხრიდან არსებობს გარკვეული ემოციური განწყობები, მაგრამ მოსამართლე ყოველგვარი ემოციისაგან თავისუფალი უნდა იყოს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონზე დაყრდნობით,” – ამბობს თამარ ალანია.

რაც შეეხება საბჭოში არჩევნების მიმდინარე პროცესს, ალანია ამბობს, რომ საკმარისი ხმა ბევრმა კარგმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

” ნამდვილად ბევრი ღირსეული კანდიდატი დარჩა იმიტომ, რომ არ მოხდა 10 ხმის თანადამთხვევა. ვინ არ მისცა ამ ღირსეულ კანდიდატებს ხმა და ვინ მისცა, ამის გამოთვლა მე გამიჭირდება და ვერ დავიწყებ ამაზე ალბათობებით ისევ საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ვერ გავიდნენ. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, კოლეგა დარჩა დღეს ხმის გარეშე, რაზეც მე ძალიან გული შემტკივა და ვიმედოვნებ, მომავალში დაინახავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები, მათ საქმიანობას ღირსეულად შეაფასებენ და, შესაბამისად, მიიღებენ ისინი სათანადო, დამსახურებულ ადგილს,” – განაცხადა ალანიამ.

მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. პრესსამსახური ამბობს, რომ გვენეტაძე, სავარაუდოდ, პრესისთვის განცხადებას კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ გააკეთებს. 61 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეთა არჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:00-ზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი