ახალი ამბები

მურუსიძე: პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ახდენს

25 დეკემბერი, 2015 • 1560
მურუსიძე: პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ახდენს

იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე  გამოეხმაურა  პრეზიდენტის განცხადებას მის წინააღმდეგ.

“ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მოსამართლეებს გამოგვიგზავნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამ კონსტიტუციაში საუბარია ხელისუფლების დანაწევრების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრების არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე. როდესაც 2013 წელს ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინ პრეზიდენტს ასევე ეკავა ძალზედ მნიშვნელოვანი თანამდებობა. თუმცა, არც მას და არც სხვას გახსენებია აღნიშნული საქმე. არავის არ გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსდივნად. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი სისტემა, ის თავად ღებულობს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ყველამ უნდა სცეს პატივი”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, დღეს იუსტიციის საბჭომ ზეწოლას გაუძლო: “არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკოსები ახორციელებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლას. აქ არ არის საუბარი კრიტიკაზე, მიმართული იყო პირდაპირ ლანძღვა. მაგრამ დღეს, საბოლოო ჯამში, მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ ზეწოლას გაუძლო”.

გარდა ამისა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი მარგველაშვილის მოთხოვნებს ასრულებს. მურუსიძე მათ მოუწოდებს, რომ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ:

“პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნულმა წევრმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. ეს მინდა გავიაზროთ ყველამ, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხდება წევრის წარდგენა პრეზიდენტის მიერ და ასევე არჩევა პარლამენტის მიერ, ამ დღიდან ისინი აღარ არიან უკვე იმათ დაქვემდებარებაში, ვის მიერაც მოხდა მათი წარდგენა. ისინი არიან სასამართლო ხელისუფლების ნაწილი და კანონი ავალდებულებთ მათ, მოიქცნენ არა ისე, როგორც ამას მოითხოვს მისი წარმდგენი ან მისი ამომრჩეველი, არამედ უნდა მოიქცნენ სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკა არ შემოვიდეს სასამართლო სისტემაში.”

მურუსიძემ მადლობა გადაუხადა იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, ვინც, მისი თქმით, “გაუძლო არნახულ ზეწოლას და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ გადაწყვეტილებად სასამართლოს ინტერესებიდან გამომდინარე.”

ლევან მურუსიძის თქმით, “ყველა აღიარებს ერთ ფაქტს, რომ სასამართლო ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ არის იმაზე გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო ადრე. ერთ-ერთი მთავარი დამსახურება – ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, რომელიც ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას თუნდაც იმ კანონპროექტების განხილვაში, რომელიც არ იყო მისაღები, სასამართლო სისტემაში რომ შემოსულიყო. და ჩვენ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოვახერხეთ და დიდი ძალისხმევა განვახორციელეთ, რომ სასამართლო ყოფილიყო უფრო კარგი, ვიდრე იყო ადრე”.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბწოს 10-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის არჩევას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

მურუსიძის არჩევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი არჩევა არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მურუსიძის გადაწყვეტილებააზე, რომლის მიხედვითაც გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს ბრალი შეუმცირა.

თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი