ახალი ამბები

ალასანია: მურუსიძის არჩევა სამართლიანობის აღდგენის იდეას პოლიტიკურად ასამარებს

25 დეკემბერი, 2015 • 1468
ალასანია: მურუსიძის არჩევა სამართლიანობის აღდგენის იდეას პოლიტიკურად ასამარებს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იქნენ თავის დროზე არჩეული, თანამდებობების დატოვებისაკენ მოუწოდებს. ირაკლი ალასანიას თქმით, საბჭოს ამ წევრებს თავის დროზე ხმა თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის წევრებმაც მისცეს, თუმცა ახლა ამ წევრების მიერ ლევან მურუსიძის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.

“მე მინდა დღეს გამოვეხმაურო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მურუსიძის არჩევას. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად პრაქტიკულად ასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, რომლისთისაც 2012 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ერთად შევცვალეთ ხელისუფლება.

მე მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ჩვენმა ფრაქციამ მონაწილეოება მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების არჩევაში, რომლებმაც დღეს, სამწუხაროდ, ხმა მისცეს მურუსიძის კანდიდატურას. გვინდა სრულად გავემიჯნოთ ჩვენი პარტია, ფრაქცია ამ არჩეული წევრების გადაწყვეტილებას და მოვუწოდო მათ დატოვონ საკუთარი თანამდებობა. მათ არ აქვთ უფლება გააგრძელონ ის მოღვაწეობა, რისთვისაც ჩვენ ისინი ავირჩიეთ”, – განაცხადა ალასანიამ.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირეს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო კენჭისყრას. ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც პრეზიდენტის მიერ დასახელებული წევრია საბჭოში, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან მურუსიძეს ხმა არ მიუცია საკუთარი თავისთვის, ხოლო ნინო გვენეტაძემ მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

იყო სულ 11 ბიულეტენი, აქედან 10 ხმა მიიღო მურუსიძემ. შესაბამისად, მურუსიძეს ხმა მისცეს თამარ ალანიამ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ევა გოცირიძემ, ილონა თოდუამ, ვახტანგ თორდიამ, ზაზა მეიშვილმა, პაატა სილაგაძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ლევან თევზაძემ.

“იუსტიციის საბჭოში ჩვენ გვყავს 10 ლევან მურუსიძე და ეს ათივე ადამიანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის და ყველა იმ დანარჩენი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელიც მიღებული აქვს ლევან მურუსიძეს და რომელსაც მიიღებს. ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ეს ადამიანი მიიღებს საქართველოს სახელით, საბჭოს ათივე წევრი გაიზიარებს პასუხისმგებლობას”,- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. შედეგად პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი