ახალი ამბები

მოტყუებული თარჯიმნები

18 იანვარი, 2011 • • 2660
მოტყუებული თარჯიმნები

Image 2928
Image 2928

70–მდე თარჯიმანი, რომლებმაც, შუამავალი ფირმის დახმარებით, გასული წლის შემოდგომაზე „საქართველოს რკინგზის“ დოკუმენტაცია თარგმნეს, კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. მათთვის გადასახდელი თანხა 100 ათას ლარს აჭარბებს.

აუნაზღაურებელი სამუშაო

მანანა ერქომაიშვილს თარჯიმანთა ბიუროს – „ინდ. მეწარმე ნინო თოდრია Word Art“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თემურ ჩხარტიშვილი გასული წლის ოქტომბერში დაუკავშირდა.

„ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ სათარგმნი საბუთების  ოფიციალური დამკვეთი არის “საქართველოს რკინიგზა”. ასევე მითხრა, რომ ეს საბუთები სასამართლოსთვის სჭირდებათ და რადგან პროცესი რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს, ჯერ ჩვენ უნდა ჩავაბაროთ ნათარგმნი მასალა და მერე გადაგვიხდიან ფულსო, რაზეც დავთანხმდი. მითხრა, რომ სათარგმნი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ადვილი შესასრულებელი,“ – იხსენებს მანანა ერქომაიშვილი.

მისივე თქმით, თემურ ჩხარტიშვილმა ერქომაიშვილს გააცნო თარგმნის პირობები: „საქართველოს რკინიგზა“ ერთ გვერდში იხდიდა 8 ლარს. ერთ გვერდად კი Word-ის დოკუმენტის 1800 სიმბოლო ითვლებოდა, დაშორებების გარეშე.  რვა ლარიდან 4 ლარი რჩებოდა თარჯიმანთა ბიუროს, 4 ლარი კი – თავად თარჯიმანს.

ერქომაიშვილის მსგავსად, ჩხარტიშვილის მიერ შეთავაზებულ პირობას დათანხმდნენ ქრისტინა კანთიძეცა და თამუნა მინაშვილიც. მათ თარგმნეს დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოში ტვირთის შემოტანას ეხებოდა. მათ შორის იყო ბენზინი, დიზელი და ა.შ. რომელი ფირმა ვის რას უგზავნიდა, ხელს ვინ აწერდა და ა.შ. მათ ძირითადად უწევდათ ერთი, საერთო ფორმის გაკეთება, შემდეგ კი თითოეულ გვერდში ორიგინალის მიხედვით მონაცემების შეცვლა.

„ადვილი სამუშაო იყო, მაგრამ რუტინული,“ – გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა. მან შეკვეთის შესრულებას დაახლოებით სამი დღე მოანდომა, თუმცა თარგმნაში ძმა დაეხმარა. თარჯიმნის დაანგარიშებით, წინასწარ შეთანხმებული ფასის მიხედვით, მან 1890 ლარის დოკუმენტაცია თარგმნა.

მასალების თარგმნას ორ თვეზე მეტი მოანდომა ქრისტინა კანთიძემ. მან საქმიანი ურთიერთობა თემურ ჩხარტიშვილის თარჯიმანთა ბიუროსთან ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაიწყო. სადავო მასალები კი აგვისტო-სექტემბერში თარგმნა. კანთელიძის თქმით, მან ჯამში 14 ათასი ლარის საბუთები რუსულიდან ქართულად გადათარგმნა.

ქრისტინა კანთიძე პირველი ნაწილის თარგმნას რომ მორჩა, ჩხარტიშვილმა საბანკო ანგარიშზე 500 ლარი ჩაურიცხა. ნათარგმნი მასალების ღირებულება კი უკვე  10 ათას ლარს აჭარბებდა.

„მე მისგან პირობა მივიღე, რომ თანხას თარგმნის სრულად დასრულების შემედეგ მივიღებდი. მან დასკანერებული დოკუმენტებით სავსე ერთი დიდი ყუთი მომიტანა. მეორე ჯერზე კი დოკუმენტების ორიგინალები მომიტანა სათარგმნად,“-ამბობს ქრისტინა კანთიძე.

თამუნა მინაშვილმა, შეთანხმებული ფასის მიხედვით, 1200 ლარის მასალა თარგმნა, რაშიც დაახლოებით 30 საათი დახარჯა.

„კონტრაქტი არ გამიფორმებია, რადგან სიტყვაზე ვენდე. „მან (თემურ ჩხარტიშვილმა) დამარწმუნა, რომ ამ თანხას დამკვეთი გადაიხდიდა, რადგან “საქართველოს რკინიგზა” სერიოზული კომპანიაა და მასთან მომსახურებაზე კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ბევრი სამუშაო შეუსრულებია მისთვის და რომ გადამხდელები არიან,“ – ამბობს თამუნა მინაშვილი. მან დამკვეთს შესრულებული სამუშაო 2 ოქტომბერს ჩააბარა, ანაზღაურება კი 20 ოქტომბერს უნდა მიეღო. მის მსგავსად კუთვნილ ფულს ოქტომბრიდან ელოდა მანანა ერქომაიშვილი, ქრისტინა კანთიძე და კიდევ ათობით თარჯიმანი.

მათი ინფორმაციით, ფულის გადახდის დრო რომ მოვიდა, თემურ ჩხარტიშვილმა პრობლემებზე დაიწყო საუბარი.

თარჯიმნები vs საქართველოს რკინიგზა” 

„ჩხარტიშვილი თავს იმართლებდა, რომ რაღაც პრობლემებია რკინიგზასთან დაკავშირებით, რომ თანხას ვერ რიცხავენ და ა.შ. 20 ნოემბერს გაირკვა, რომ საბოლოო თანხა გამოვიდა ძალიან ბევრი. კონტრაქტი კი გაფორმებული ჰქონდა 10 ათას ლარზე. რომ ვკითხე, თარჯიმნებისთვის  გადასახდელი თანხა 10 ათას ლარს რომ გადასცდა, რატომ არ შეაჩერე მუშაობა-მეთქი, ან ახალი კონტრაქტი რატომ არ გააფორმა,  მითხრა, რომ ის “საქართველოს რკინიგზას” აფრთხილებდა ამის შესახებ, ისინი კი ეუბნებოდნენ, რომ მუშაობა გაგვეგრძელბინა,“ – ამბობენ თარჯიმნები.

ნეტგაზეთმა მოიპოვა „ინდ. მეწარმე ნინო თოდრია Word Art“-სა და „შპს საქართველოს რკინიგზას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. ასლის მიხედვით, ხელშეკრულება 2010 წლის 30 ივლისით თარიღდება. „საქართველოს რკინიგზის“ მხარეს ხელშეკრულებაში სატვირთო გადაზიდვების დირექტორი დავით ჯინჯოლია წარმოადგენს. ხელშეკრულებას თან აქვს “საქართველოს რკინიგზის” ბეჭედი, თუმცა მასზე არ არის დავით ჯინჯოლიას ხელმოწერა. თარჯიმანთა ბიუროს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს ნინო თოდრია. თარჯიმნების თქმით, ის თემურ ჩხარტიშვილის მეუღლეა.

ხელშეკრულების მიხედვით, ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად ერთი სიმბოლოს თარგმნა 0.0061 ლარს შეადგენს, დღგ-ს გარეშე, რუსული თარგმანის ფასი კი ერთ სიმბოლოზე 0.0044  ლარია, ასევე, დღგ-ს გარეშე.

ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში წერია: „ხელშეკრულების საერთო ღირებულება, დღგ-ს გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს.“

ნათარგმნი მასალის მიღება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „მიღება-ჩაბარების აქტით“ უნდა ყოფილიყო დამოწმებული, რკინიგზას კი თარჯიმანთა ბიუროსთვის თანხა ამ აქტის გაფორმებიდან 20 საბანკო დღეში უნდა გადაეხადა.  

„19 დეკემბერს ვიყავით „საქართველოს რკინიგზაში“. თემურ ჩხარტიშვილმა მითხრა, რომ ჯგუფი 2 ნაწილად უნდა გავყოფილიყავით, რადგან იქ საკმარისი ადგილი არ იყო. ჩვენ რომ მივედით, რკინიგზის შენობიდან თარჯიმანთა ნაწილი გამოდიოდა, რომელმაც გვითხრა, რომ ისინი თანხის 50%-ზეც თანახმა იყვნენ,“ – ამბობს მანანა ერქომაიშვილი. იგივეს ადასტურებს ქრისტინა კანთიძე და თამუნა მინაშვილი.

„საქართველოს რკინიგზაში“ თარჯიმნებს 2010 წლის 19 დეკემბერს მართლა შეხვდა „შპს საქართველოს რკინიგზის“ იურიდიული სამსახურის უფროსი აკაკი საღინაშვილი, რასაც თავად საღინაშვილიც ადასტურებს.

„მან (საღინაშვილმა) დაიწყო იმის მტკიცება, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არ არის იმ ღირებულების, რაზეც შევთანხმდით და ა.შ.“ – ამბობს ერქომაიშვილი, “მე ვიკითხე, ამ დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტი თუ არსებობდა, რაზეც უარით მიპასუხეს. რომ ვკითხე, რატომ არ გააფორმეთ-მეთქი, აქეთ მითხრა, თქვენ რატომ არ გააფორმეთ ხელშეკრულება, ახლა ხელში არაფერი გიჭირავთ რომ გვიჩივლოთო. მერე ისევ გვითხრა, რომ თარჯიმანთა პირველ ჯგუფში თანხის 50%-ის მიღებაზე თანახმანი არიანო.“

ქრისტინა კანთიძე შეხვედრას ასე იხსენებს: „რკინიგზაში მთავარი იურისტი (საღირაშვილი) საშინლად თავხედურად გვესაუბრა. მერე ერთი ბიჭი შემოვიდა და გვითხრა, თუ ბევრს იყვირებთ, საერთოდ ვერაფერს მიიღებთ. სასამართლოში 250 საქმე გვაქვს და დიდი ამბავი თუ თქვენი 251-ე იქნებაო.“

თარჯიმნების თქმით, აკაკი საღირაშვილი მათ დაპირდა, რომ მათთვის თანხის 50%-ის გადახდის საკითხს განსახილველად დირექტორთა საბჭოს სხდომაზე  2010 წლის 28 დეკემბერს გაიტანდა.  მიუხედავად ამისა, თარჯიმნები პასუხს თანხის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით თემურ ჩხარტიშვილისა და “საქართველოს რკინიგზისგან” დღემდე უშედეგოდ ელიან.

ჩვენ ვცადეთ “საქართველოს რკინიგზის” იურიდიული სამსახურის უფროსთან – აკაკი საღირაშვილთან პირადად დაკავშირება, თუმცა, მან პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემ კი გვითხრა, რომ “საქართველოს რკინიგზას” კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული თარჯიმანთა ბიუროსთან. თარჯიმნები კი არიან ამ კომპანიის კონტრაქტორები, ვისთანაც „საქართველოს რკინიგზას“ არანაირი იურიდიული ურთიერთობა არა აქვს.

„დავუშათ, კონტრაქტი გავაფორმეთ 10 ათას ლარზე. როდესაც ამოიწურება კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა, თქვენ ვალდებული არ ხართ კონტრაქტით დაკისრებული სამუშაო კვლავ შეასრულოთ. აქ მოხდა, რომ თანხა გაცდა კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს. ჩვენსა და იმ კომპანიას შორის გასარკვევია რაღაც იურიდიული საკითხები, რომლის იქით ჩვენ არაფერი გვესაქმება,“ -ამბობს ირმა სტეფნაძე.

ჩვენ მას ვკითხეთ, თუ თარჯიმნებთან  არანაირი იურიდიული კავშირი “საქართველოს რკინიგზას“ არ აქვს, რატომ მართავენ მათთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს. სტეფნაძემ გვიპასუხა, რომ აკაკი საღინაშვილი თარჯიმნებს მხოლოდ „ადამიანური მოტივით“ შეხვდა.

„ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაზე მარტივი იმაში გარკვევა კი არ არის, რკინიგზასა და თარჯიმანთა ბიუროს შორის რა იურიდიული მომსახურება არის გაწეული, არამედ, თავად ვინ დაიქირავა ეს ადამიანები. მათ სასამართლოში უნდა შეიტანონ საჩივარი და სასამართლო თარჯიმანთა ბიუროს დაავალდებულებს, რომ გადაიხადოს ფული. რასაკვირველია, მე ვიცი, რომ ამ ადამიანებმა მომსახურება შეასრულეს. ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს ადამიანები არ არიან რკინიგზის კონტრაქტორები. ისინი არიან ვიღაცა შპს-ს კონტრაქტორები. მათ აქვთ ამ თარჯიმანთა ბიუროსთან საქმე და სარჩელი შეიტანონ მის წინააღმდეგ სასამართლოში. ეს ბევრად უმჯობესი იქნება. რკინიგზაში აკაკი საღირაშვილს შეხვდებიან თუ სხვას, მნიშვნელობა არა აქვს.  თუ მან (თარჯიმანთა ბიურომ) თავისი ბიუჯეტი სწორად ვერ განკარგა, რა ჩვენი ბრალია?! რკინიგზამ რის საფუძველზე უნდა გადაუხადოს ფული თარჯიმნებს? კონტრაქტი არის? – არ არის! კომპანიასა და რკინიგზას შორის იურიდიული საკითხები ამჟამად გარკვევის პროცესშია,“ – გვითხრა ირმა სტეფნაძემ.

თარჯიმანთა ბიუროს არგუმენტები

ჩვენ დავუკავშირდით თარჯიმანთა ბიუროს ხელმძღვანელს, თემურ ჩხარტიშვილს, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით სრულყოფილი განმარტების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„თქვენმა თუნდაც სტატიამ, შეიძლება შემიშალოს ხელი ამ საქმის დამთავრებაში. თქვენი ზარების და იმის გამო, ეს ხალხი დაზარალდება იმიტომ, რომ შეიძლება მერე არ გადაიხადონ ეს თანხა”.

ნეტგაზეთი: თქვენ ხელშეკრულებაში მხოლოდ 10 ათასი ლარი გიწერიათ. თუ არსებობდა სხვა შეთანხმება დამატებითი თანხის გადახდაზე? თანხმა რომ ასცდა 10 ათას ლარს, ისინი, ანუ “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლები დაგპირდნენ ამის გადახდას?

თემურ ჩხარტიშვილი: „არსებობდა სიტყვიერი თანხმობა. მე ძალიან არ მინდა, თქვენ ამით გამიფუჭოთ საქმე, ეს ამბავი ირკვევა და ­­ისევ და ისევ ეს ხალხი დაზარალდება“.

თემურ ჩხარტიშვილის თქმით, ამჟამად საქმე არის „გარკვევის პროცესში“ და სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, უფრო ვრცელ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„თუ ეს ამბავი რკინიგზასთან უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, მე თავად მოგმართავთ, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა თემურ ჩხარტიშვილმა.

თავად თარჯიმნები კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე აპირებენ მოცდას. თუ საკითხი არ მოგვარდა, ამის შემდეგ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. რამდენიმე მათგანმა კონსულტაცია უკვე გაიარა იურისტებთან. მათი თქმით, ისინი თანხას თემურ ჩხარტიშვილს მოსთხოვენ და სარჩელს სასამართლოშიც მის წინააღმდეგ შეიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი