ახალი ამბები

გოცირიძე: ახალი მინისტრთა კაბინეტის არჩევამდე გუბერნატორები თანამდებობებს ინარჩუნებენ

24 დეკემბერი, 2015 • 1518
გოცირიძე: ახალი მინისტრთა კაბინეტის არჩევამდე გუბერნატორები თანამდებობებს ინარჩუნებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა და მინისტრთა კაბინეტის წევრები ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები არიან. თუმცა, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიუხედავად, თანამდებობებს ინარჩუნებენ გუბერნატორები.

“საიას” იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, გუბერნატორები არ არიან მთავრობის შემადგენლობის წევრები.

“კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. გუბერნატორები არ შედიან მთავრობის შემადგენლობაში და ამ შემთხვევაში არ ითვლება, რომ მათ უფლებამოსილება შეუწყდათ.

გოცირიძის თქმით, გუბერნატორების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება არის მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილება:

“პრემიერს ყოვეგვარი დასაბუთების გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლია, რომ გაათავისუფლოს ან დანიშნოს გუბერნატორი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ამიტომ ახლად შექმნილ მთავრობას ექნება საშუალება, რომ გაათავისუფლოს ახლანდელი გუბერნატორები.”

ამ დროისათვის მოვალეობის შემსრულებელ მთავრობასაც აქვს უფლება გაათავისუფლოს თანამდებობებიდან გუბერნატორები, ისევე როგორც ახალ მთავრობას ექნება ამ საკითხში სრული თავისუფლება.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წელს 9 რეგიონის გუბერნატორი დანიშნა: ქვემო ქართლი – გიორგი მღებრიშვილი, რომელიც მოგიანებით პაატა ხიზანიშვილმა შეცვალა; რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – პაპუნა მარგველიძე; სამცხე -ჯავახეთი – აკაკი მაჭუტაძე; სამეგრელო-ზემო სვანეთი – ლევან შონია; იმერეთი – ზაზა მეფარიშვილი, რომელიც გივი ჭიჭინაძემ შეცვალა; კახეთი – ირაკლი შიოლაშვილი; მცხეთა -მთიანეთი – ნუგზარ ყიფიანი; შიდა ქართლი – ზურაბ რუსიშვილი; გურია – გიორგი ჩხაიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი