Interviewsახალი ამბები

ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის

18 დეკემბერი, 2015 • 1172
ცვლილებები, რომლებიც საქართველომ განახორციელა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის

ირაკლი ღარიბაშვილის განცადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის მთავრობამ 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 80-მდე კანონქვემდებარე აქტი მიიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ასევე მიიღო 9 ეროვნული სტრატეგია და შეუერთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. მოდერნიზებულია მიგრაციის მართვის პოლიტიკა და გატარდა მთელი რიგი სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით.

მთავრობის ცნობით, მიღებულია ახალი რეგულაციები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ისევე როგორც კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ, მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, მიგრაციის სტრატეგია 2016-2017 წლებისთვის და მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა.

მთავრობის ინფორმაციით, გეგმის გადმოცემის შემდგომ არსებითად გაუმჯობესდა დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობათა უფლებების ჩათვლით.

პრემიერის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად აშენდა კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავშესაფრის პოლიტიკის სფეროში არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით.

ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების უფლებამოსილებით. ILO-ს ექსპერტებმა გადაამზადეს 25 ინსპექტორი და განხორციელდა 100 ინსპექტირება სახელმწიფო და კერძო კომპანიებში.

მთავრობის ცნობით, მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროკურატურის რეფორმა. საკანონმდებლო ცვლილებებით, პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შემოღებულია დამატებითი გარანტიები.

განისაზღვრა პირდაპირი (გამარტივებული) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დამატებითი კრიტერიუმები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა და ეფექტურად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომლის მანდატი ვრცელდება საჯარო და კერძო სექტორებზე, აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გამკაცრდა სანქციები საზღვარზე ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით და შემუშავდა დეკლარაციის ახალი ფორმა, ასევე გაიმიჯნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისთვის, ნარკოტიკების ფლობისთვის სანქციები შემსუბუქდა, აცხადებს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი