ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

კატო მიქელაძის სახელობის პრემია მხატვარ ლია უკლებას გადაეცა

12 დეკემბერი, 2015 • 6177
კატო მიქელაძის სახელობის პრემია მხატვარ ლია უკლებას გადაეცა

დღეს, 12 დეკემბერს, მხატვარ ლია უკლებას კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცა. ლია უკლება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ იყო წარდგენილი კანდიდატად.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებებისა და, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. როგორც TDI-ში აცხადებენ, მისი წვლილი ხელოვნების მეშვეობით პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი ტაბუებისა და სტერეოტიპების ნგრევაში სრულიად გამორჩეულია.

TDI-ის შეფასებით, ლია უკლებას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით ძალადობის წინააღმდეგ. ფემინისტი მხატვარის ნამუშევარს “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” დიდი გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც ნახატი ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გამოიფინა.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით” საპატრიარქომ აღიქვა, როგორც უპრეცედენტო შეურაცხყოფა ქართველი ერისა და მართლმადიდებლობისა:

დღემდე ლია უკლებას წინააღმდეგ მუქარები გაისმის, მათ შორის, უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ლია უკლებას თავისი შემოქმედებითი და სამოქალაქო გამბედაობით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ქალთა უფლებების დაცვასა და აქტუალიზაციაში, ასევე, იმ ძალადობაზე დაფუძნებული კულტურის რადიკალურ კრიტიკაში, რომელიც არამარტო ქალთა უფლებების, არამედ საქართველოში სამოქალაქო კულტურის, აქტივიზმის, პლურალიზმის წინააღმდეგაა მიმართული”.

კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალთა ფონდმა დააწესა და ყოველწლიურად გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში. პრემიის მფლობელი საგანგებოდ შექმნილი კომპეტენტური ჟიური ავლენს, ხოლო საპრიზო თანხა 1,500 ევროს შეადგენს.

  • ლია უკლებას გარდა, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ლაურიატები არიან ეკატერინე აღდგომელაშვილი და მარინა თაბუკაშვილი.
  • კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო. კატო მიქელაძექართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი იყო და ქალთა ემანსიპაციის მისაღწევად იბრძოდა.

საპატრიარქო თავის განცხადებაში ილიას უნივერსიტეტს აკრიტიკებს და მის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ილიაუნიში კონფერენციაზე გამოტანილი “საფეთქელზე მიდებული ცეცხლსასროლი იარაღით ფეხმძიმე ღვთისმშობელის ნახატი უდიდესი მკრეხელობაა”. მხატვარ ლია უკლებას ნახატზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემაც ისაუბრა 1 ნომებრის საკვირაო ქადაგებაზე. პატრიარქმა ნახატს ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცხყოფა უწოდა.

საპატრიარქოს საპასუხოდ, ილიაუნის აკადემიურმა საბჭომ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა. როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან.

პატრიარქის განცხადების შემდეგ მოქალაქეთა ჯგუფი მხატვარ ლია უკლებას და ილიას უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის ორგანიზატორების დასაცავად პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით მიმართავს.

“მარიამი სათამაშო პისტოლეტით” – ასე ჰქვია ლია უკლებას ნახატს, რომელსაც თავად ავტორი ასე განმარტავს: “მარიამი, ალბათ, დაგვტოვებდა უღმერთოდ და თავსაც მოიკლავდა, თუკი მიხვდებოდა, რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა ქრისტესშობის შემდეგ”.

ფემინისტი მხატვარი რამდენიმე პესონალური გამოფენის ავტორია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი