ახალი ამბები

პაციენტის დაცვის მიზნით, დასხივების ნორმები საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვრება

8 დეკემბერი, 2015 • 2589
პაციენტის დაცვის მიზნით, დასხივების ნორმები საერთაშორისო სტანდარტით განისაზღვრება

მთავრობის დადგენილების პროექტით, 2016 წლის იანვრიდან სამედიცინო დასხივების სფეროში საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების ახალი მოთხოვნები გაჩნდება.

აღნიშნული პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოამზადა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით ქვეყანაში ყალიბდება თანამედროვე მოთხოვნები სამედიცინო დასხივების სფეროში, რომელიც ითვალისწინებს პაციენტისა და მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან, კერძოდ – განისაზღვრა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები სხივურ თერაპიაში, რაც დღემდე არ არსებობდა.

ცალკე განისაზღვრა ბავშვებისა და ორსული ქალებისათვის რენტგენოლოგიური გამოკვლევის პროცედურები, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული მათი რადიაციული უსაფრთხოება.

გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩამოყალიბდა რადიაციული უსაფრთხოების ნორმები ბირთვულ მედიცინაში, განისაზღვრა რადიოთერაპიული დანადგარების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის კრიტერიუმები და მოთხოვნები. განახლდა მოთხოვნები რენტგენოდანადგარების განთავსებისათვის საჭირო ფართებთან დაკავშირებით.

ამასთან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, განახლდა რენტგენოდანადგარებისადმი ხარისხის კრიტერიუმები, რამაც უნდა შეამციროს სამედიცინო პერსონალზე და პაციენტებზე გამოსხივების მავნე ზეგავლენა.

რამდენად საშიშია პაციენტებისთვის ამჟამად არსებული ვითარება სამედიცინო დაწესებულებებში დასხივების კუთხით, ნეტგაზეთმა გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტს მიმართა.

“როდესაც ბირთვულ მედიცინასთან გვაქვს საქმე, მეტნაკლებად ყოველთვის არსებობს რადიაციული საფრთხე. ბუნებრივია, არსებობს რისკები, რომ მეტი დოზა მიიღოს პაციენტმა ან არასწორად გააკეთოს ვინმემ რამე. მეტნაკლებად ახალ კლინიკებში ვითარება ნორმალურია, შეესაბამება მოთხოვნებს. თუმცა არსებობს კლინიკები, სადაც მოძველებულია აღჭურვილობა და ადრე აქვთ ლიცენზია აღებული. ბუნებრივია, იქ დასხივების უფრო მაღალ დოზებს ღებულობს პაციენტი. მაგალითად, როდესაც ვიშუქებთ რენტგენით ფილტვებს, რაც უფრო ძველია აპარატი, მეტი დოზა სჭირდება გამოსხივებისთვის იმისთვის, რომ სურათი კარგად გამოჩნდეს. რაც თანამედროვეა აპარატი, ნაკლები სჭირდება. ბუნებრივია, ორივე დაშვებულ ზღვარში ჯდება, თუმცა, მაინც თანამედროვე აპარატით ნაკლებია”, – ამბობს ვასილ გედევანიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.

მისივე განმარტებით, არსებული ნორმატიული აქტები, რომლებიც ამ საკითხებს არეგულირებდა, 90-იანი წლების ბოლოს იყო გამოცემული და ამით ხელმძღვანელობდა დეპარტამენტი.

“მკაფიო არ იყო მოთხოვნები, სამედიცინო დაწესებულებები სხვადასხვა აქტით ხელმძღვანელობდნენ.
სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი დეპარტამენტი, რომ მოახდინოს ამის რეგულირება. ჩვენ ვახდენთ ასეთი ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირებას, ვისაც აქვს რენტგენოლოგიური აპარატურა, შესაბამისად, ჩვენ ვაძლევთ ლიცენზიას, ვუმოწმებთ პირობებს იმისთვის, რომ დაცული იყოს როგორც პაციენტის, ასევე, მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების ზომები, შემდეგ ვახორციელებთ ინსპექტირებას, რამდენად იცავენ ამ მოთხოვნებს ნორმატიული აქტებით”, – აცხადებს გედევანიშვილი.

ახალი ტექნიკური რეგლამენტის საკითხების განსახილველად სამინისტროს წარმომადგენლები ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს დღეს, 8 დეკემბერს შეხვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი