თბილისის კინოფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება

დღეს, 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირას“ პრემიერით გაიხსნება.

ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. ქალთახედვა/”Women Eyes“ –  სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. მათი ნამუშევრები ფესტივალის სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება.

წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსიები ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. ლექცია-დისკუსიებს ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლები გამართავენ.

თბილისის კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ევროპელი კინორეჟისორების 9  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მონაწილეობს. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია.

წელს მესამედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით ეროვნულ კონკურსში სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.

თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დიტო ცინცაძის ფილმით „ბედნიერების ღმერთი“ დაიხურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com