საზოგადოება

კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები — მიტროპოლიტი შიო

17 მაისი, 2024 •
კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები — მიტროპოლიტი შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის თქმით, “გამჭვირვალობის კანონის” მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები და მათ შორის დაპირისპირება სიყვარულით უნდა დაიძლიოს.

ამის შესახებ შიო მუჯირმა ქაშვეთში, “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალყურს იმ დაპირისპირებას, იმ დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდობა. ამიტომ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, დიდი დაპირისპირება“, — განაცხადა შიო მუჯირმა.

მიტროპოლიტის თქმით, ამაზე პასუხი წმინდა მამებს აქვთ — ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა.

„როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლი და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული მაშინ არც ღვთის შეწევნა არ არის და პატარა მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა სიყვარულის უმთავრესი სკოლა კი გახლავთ ოჯახი. ოჯახში უნდა სწავლობდეს და იზრდებოდეს ადამიანი სიყვარულში. ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. ეს არის ჩვენი დღევანდელი შეკრების და ლოცვითი მსვლელობის მიზანი“, — დასძინა შიო მუჯირმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი