ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს პასიური საარჩევნო უფლება 5 წლით ჩამოერთვა.
პასიური საარჩევნო უფლება უკავშირდება საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას, არჩეული იქნას ამა თუ იმ არჩევით თანამდებობაზე.
საპროცესო შეთანხმების ამ ჩანაწერს თავდაპირველად ყურადღება „საქართველოს ამბებმა“ მიაქცია.
პროკურორი მანანა თანდაშვილი არ პასუხობს ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მაია კოხტაშვილს 5 წლით აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა როგორც კანდიდატს.
მაია კოხტაშვილის შვილი ანა იმედაშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მაია კოხტაშვილს პოლიტიკაში მოსვლა არც არასდროს უფიქრია.
„მე არ ვიცი, რა არჩევნებში უნდა მიიღოს დედამ მონაწილეობა, როცა არჩევნები აღარ გვაქვს. ეტყობა მაინც თავი დაიზღვიეს და არ სურთ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს ადამიანებს, ვისაც რამე შანსი ექნებოდა“, — განაცხადა იმედაშვილმა.
ექიმი ნევროლოგი მაია კოხტაშვილი ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს. მას ედავებოდნენ ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გაცემას არაერთგზის ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – აღნიშნული მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ.
მოგვიანებით კოხტაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 50 000-ლარიანი ჯარიმა და დაეკისრა და 6 თვით შეეზღუდა მართვის უფლება, თუმცა დარჩა საექიმო საქმიანობის უფლება.
