სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რა ხდება ადგილზე, როგორ განვითარდა მოვლენები მიმდინარე დღეებში და როგორ აფასებენ მხარეების მოქმედებებს სფეროს სპეციალისტები? “ნეტგაზეთი” წარმოგიდგენთ შეძლებისდაგვარად მოკლე ინფორმაციას და ანალიზს.
რა ხდება?
28 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქართველი პოლიციელები ცხინვალის კონტროლქვეშ არსებულ სოფელ წნელისში იმყოფებიან და მათ აღნიშნული ტერიტორია დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.
ამავე დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. უწყებამ აღნიშნული ქმედება პროვოკაციად შეაფასა.
29 აგვისტოს ცხინვალიდან ულტიმატუმი გაისმა: თუ ქართული საგუშაგო “სასაზღვრო ტერიტორიიდან” 30 აგვისტოს დილის 06:00-მდე არ მოიშლებოდა, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” შესაბამის ზომებს მიიღებდნენ.
29 აგვისტოს საღამოს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში 95-ე შეხვედრა უნდა გამართულიყო, რომელიც ჩაიშალა. სუს-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ცხინვალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ულტიმატუმის ენით საუბარს, რამაც დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახადა. ამავე დროს, საგუშაგოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ ქართული მხარის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა თავისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ქართულ მხარეს პოზიცია არც გასულ ღამეს შეუცვლია: ულტიმატუმი არ შესრულდა, საგუშაგო ისევ ადგილზეა. ცხინვალის ინიციატივით, შედგა ტექნიკური შეხვედრაც, რომელიც, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ქართული მხარე აცხადებს, რომ შსს-ს საგუშაგო ადგილზე დარჩება, შემდეგი შეხვედრა კი მომავალ კვირას გაიმართება.
ტექნიკური შეხვედრის შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა სოფელ წნელისში “ჰუმანიტარული ოპერაცია” დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ამაში. აგრეთვე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, განაცხადა, რომ ოსური მხარე სოფელ წნელისში საკუთარ ბლოკპოსტს განათავსებს.
სად არის სადავო საგუშაგო და სოფლები – წნელისი და ჩორჩანა?
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ამტკიცებენ, რომ ქართველი პოლიციელები სოფელ წნელისში არიან განლაგებულნი. ქართული მხარის განცხადებით კი, პოლიციის პოსტი სოფელ ჩორჩანასთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
სოფელი წნელისი 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აკონტროლებს. რაც შეეხება ჩორჩანას, ესაა სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული წნელისის მოსაზღვრედ. მასზე ქართული მხარის კონტროლი ვრცელდება. ჩორჩანაში 2014 წლის აღწერით 60-მდე ადამიანი ცხოვრობს.
საგუშაგო საოკუპაციო ხაზთან – ერთჯერადი ნაბიჯი თუ სტრატეგია?
ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დონეზე რაიმე გადაწყვეტილების შესახებ ცნობები არ გახმიანებულა, სპეციალისტებს უჭირთ საუბარი, განიხილავს თუ არა ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოების განთავსებას, როგორც ხანგრძლივ სტრატეგიას რუსეთის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ.
სწორედ აღნიშნული მოცემულობაა მნიშვნელოვანი სამხედრო ექსპერტ თეონა აქუბარდიასთვის, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლებას უსაფრთხოების კუთხით ერთიანი პოლიტიკის შემუშავება სჭირდება.
“მიუხედავად იმისა, რომ მივესალმები [საგუშაგოს მშენებლობის] გადაწყვეტილებას, აქ ერთი, ჩემთვის გაურკვეველი მომენტია: შეიცვალა თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპირწონედ. ეს არ იკითხება იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტულად ერთი საგუშაგო. არ ყოფილა რაიმე ტიპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დონეზე იღებენ”, – აღნიშნავს ის.
ექსპერტის თქმით, აუცილებელია, ქვეყანამ საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შეინარჩუნოს. თუმცა, მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ერთიანი სტრატეგიით იმოქმედოს, გააანალიზოს რისკები და “არ გადადგას ნაბიჯები იმ პოზიციებიდან, რომლებიც წარმატებულად უკავია”.
“ეს არის გარკვეულწილად ნერვების ომი, თუ ვის უმტყუნებს პირველს. თუ საქართველო ამ ომს წააგებს, ეს იქნება რუსეთის პირდაპირ მოწვევა, რომ მან განახორციელოს დამატებითი პროვოკაციები, შემოვიდეს სიღრმეში და მეტი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინოს”, – აცხადებს სპეციალისტი და საგუშაგოსთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის შენარჩუნებას უსვამს ხაზს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან სამხედრო კამპანიას არ ელის, ვინაიდან ეს თავად მოსკოვიც ინტერესებშიც არ შედის.
საგუშაოების ტაქტიკას უარყოფითად არც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აფასებს, თუმცა, მისი თქმით, ოსური მხარის რეაქცია მიანიშნებს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ცხინვალთან შეუთანხმებელი იყო. ეს კი, ზაქარეიშვილის აზრით, დიალოგს აზარალებს.
“ერგნეთის შეხვედრები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმიტომაა, რომ შეთანხმებულად ხდებოდეს ეს ყველაფერი”, – აცხადებს ის და შესაძლო შედეგებზე საუბრისას დასძენს:
“…გვაქვს უფლება, არ გავაფრთხილოთ, მაგრამ რა შედეგთან მივალთ ამით? შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? რა თქმა უნდა, ჩვენ ულტიმატუმს არ შევასრულებთ და სწორიც იქნება, არც უნდა შევასრულოთ. საგუშაგო დარჩება, რადგან ჩვენს ტერიტორიაზეა და ვერანაირად ვერ მოხდება მეორე მხრიდან მისი დაზიანება. მაგრამ საპასუხო იქნება რაღაც. რეაქცია იქნება ის, რომ ისინიც განალაგებენ ჩვენთან შეუთანხმებლად საგუშაგოებს. ანუ, ესკალაცია გაგრძელდება. იმედია, ეს ომამდე არ მივა და ამის ნიშნები არც არის, თუმცა სადაც ესკალაციაა, ესე იგი, იქ დიალოგი არ არის”.
პაატა ზაქარეიშვილი განიხილავს ვერსიასაც, რომლის მიხედვითაც, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრის გააქტიურების ფონზე, არსებული ვითარება ხელისუფლებას გიორგი გახარიას ფიგურის წინ წამოსაწევად სჭირდება. აღნიშნულზე საუბრისას,ის ამბობს:
“თუ ეს ნაბიჯი მხოლოდ გახარიასთვის გადაიდგა, არ მიმაჩნია სწორად. თუ ეს ნაბიჯია, რომ სიტუაცია დალაგდეს და მომავალში აღარ იყოს მავთულხლართები გავლებული, მაშინ მივესალმები და ვიტყვი, ყოჩაღ. მაგრამ თუ მავთულხლართები მაინც გაივლო და აღმოჩნდება, რომ საგუშაგომ ვერაფერს უშველა, მაშინ უნდა დაისვას კითხვა, რა მოგვიტანა ამან?”
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბოლოდროინდელ ვითარებაზე საუბრისას გასულ წლებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით მხოლოდ მოსკოვთან საუბარი მართებული არ არის.
“ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ, თუმცა მარტო მას არ უნდა ვესაუბროთ. რა თქმა უნდა, წამოვა უამრავი კითხვა, როგორ უნდა ველაპარაკოთ მათ[აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს], ისინი ხომ რუსები არიან და ა.შ. ძალიან ღრმად ვართ დღეს ჩიხში და ნებისმიერი წამოსული კითხვა სამართლიანი და ადეკვატურია.
მაგრამ გვავიწყდება, რომ არ ვლაპარაკობთ, აკრძალული გვაქვს ლაპარაკი 2008 წელზე, მაგალითად. 2008 წლამდე სულ სხვა სიტუაცია იყო. როგორ მივედით აქამდე? მაინცდამაინც ყველას იმაზე უნდა ლაპარაკი, ვინ დაიწყო ომი და ეს ყველაზე უფრო უმნიშვნელოა. როგორ მივედით ომამდე, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს ის.
ქართული მხარის პოზიციას, არ დაემორჩილოს ულტიმატუმს და შეინარჩუნოს საგუშაგო, მიესალმება პოლიტიკური მიმომხილველი ზურაბ მენაღარიშვილი. მისი თქმით, თბილისის გადაწყვეტილება პირველი ქმედითი ნაბიჯია უკანასკნელ პერიოდში.
“ცხინვალის დეკლარირებული აზრით, საქართველო საგუშაგოს სოფელ წნელისში აშენებს, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და საქართველოს მხრიდან აგრესიულ ქმედებად მიიჩნევა. გარდა მაგისა, შიშობს, რომ შესაძლოა საქართველომ კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი მეთოდებით სცადოს, რაც ასევე საქართველოს მიერ ნაკისრი წინადადების დარღვევა იქნება.
სინამდვილეში კი საგუშაგოს მშენებლობას ეწინააღმდეგება, რადგან ეს სამომავლოდ ხელს შეუშლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების მიტაცებას და ოკუპაციას. ასევე, ამ წინააღმდეგობას ჰქონდა პრევენციული ხასიათი, რადგან ბოლო წლებში პრაქტიკულად პირველი შემთხვევაა, როცა საქართველომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ოკუპაციის ზონასთან ახლოს…” – წერს ის.
მენაღარიშვილი აქვე დასძენს, რომ თბილისის მიერ უკან დახევაზე უარის მიუხედავად, მოცემულობა მაინც რუსეთისათვის სასარგებლოდ რჩება. მოსკოვის “მდუმარებას” მიმომხილველი ასე ხსნის:
“[რუსეთი] მთელი დღეა პრაქტიკულად ჩუმადაა და მხარეებს, ანუ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, მოლაპარაკების საშუალებას აძლევს, რაც ომის პერსპექტივიდან ძალიან კარგია. ომის მხარეები საქართველო და ს. ოსეთი არიან, რუსეთი კი მხოლოდ მედიატორი, მომგვარებელი, ამიტომ მისთვის ხელსაყრელია, თუ ყურადღება ქართულ-ოსურ პოლიტიკაზე გადავა ქართულ-რუსულიდან, რაც პრაქტიკულად ასეც ხდება. აქვე ცალსახაა, რომ ოსებმა ძლიერი მხარდაჭერა ვერ იგრძნეს (არც რუსეთს აწყობს ახალი დაძაბულობის კერა, დიდი დრო არ გასულა, რაც ევროპელებმა სანქციები და ტონი შეურბილეს)”, – აღნიშნავს მენაღარიშვილი.