სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ ჩორჩანის საგუშაგო ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
დღეს, 18 ნოემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.
„აღნიშნული პოლიციის სტაციონარული პოსტი განთავსებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერტორიაზე, მასზე იმყოფებიან პოლიციელები სტანდარტული საპოლიციო აღჭურვილობით. წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ თუნდაც თეორიულად შეიძლება ეს პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
როგორც ცნობილია, წლებია ცხინვალში ამ საგუშაგოს აღებას ითხოვენ.
13 ნოემბერს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
სახელმწიფო ბრალდება მას ედავება, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს გიორგი გახარიამ, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს 20-21 ივნისის საქმეზეც.
წარდგენილი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნინა სიგუა








