მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ სინდისის პატიმარს, დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულანინს ქვეყნის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას თავად შეუძლია აირჩიოს, რომელ ქვეყანაში სურს წასვლა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე წარიმართა. მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა განიხილა და სრულად დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომელიც შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევებას მოითხოვდა.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კულანინს მიეცა ერთკვირიანი (7 დღე) ვადა, რათა საქართველოს ტერიტორია საკუთარი ნებით დატოვოს.

დენის კულანინის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი სამართლებრივი პროცესის დასრულების მიუხედავად, საქმეში ჩართულები რჩებიან და განაგრძობენ კულანინის აქტიურ მხარდაჭერას.

უფლებადამცველების მთავარი მიზანია, უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება და დაეხმარონ მას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრებამდე.