“გავაცნობიერე, რომ საქართველო ჩემი უზარმაზარი ოჯახია. ოდესღაც ევროპაში წასვლაზე ვოცნებობდი, ახლა კი ეს საერთოდ აღარ მინდა. ჩემი ერთადერთი ოცნება ხელისუფლების ცვლილება და საქართველოში დაბრუნებაა”, – გვითხრა სინდისის ყოფილმა პატიმარმა დენის კულანინმა ინტერვიუში, რომელიც მასთან დისტანციურად ჩავწერეთ ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ის საქართველოდან გაძევების შემდეგ ჩავიდა.

საქართველოდან ჯერ შეწყალებულ და შემდეგ გაძევებულ კულანინს ნეტგაზეთი დისტანციურად ესაუბრა.

დენის, მე სულ რამდენიმე კითხვა მექნება და ძირითადად შენი მონათხრობის, შენი მოყოლილი ისტორიის და შენი პერსპექტივის მოსმენა მინდა. მოდი, დავიწყოთ აქედან: როდის, როგორ მოხვდი საქართველოში?

დენის კულანინი საპროტესტო აქციაზე რუსეთში

2022 წელს, [უკრაინაში] ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე დავდიოდი და მივხვდი, რომ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, ხანგრძლივი პატიმრობის დიდი რისკი არსებობდა. დაჭერის შიშმა მაიძულა, ქვეყანა დამეტოვებინა და სადმე სხვაგან წავსულიყავი. ასე აღმოვჩნდი სექტემბერში საქართველოში, სადაც 2.5 წლის შემდეგ დამაკავეს კიდეც.

რატომ გადაწყვიტე საქართველოში მიმდინარე პროტესტში აქტიურად ჩართვა?

ჩემი მთავარი მოტივაცია უკრაინის უპირობო მხარდაჭერა იყო. უბრალოდ არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა იმისთვის, რაც იქ ხდებოდა. კარგად მესმოდა, რომ ჩემი ქვეყანა აგრესორია და მრცხვენოდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებდნენ.

თავდაპირველად ანტისაომარ აქციებზე დავდიოდი. შემდეგ კი დავინახე, როგორ დაიწყო ქართველმა ხალხმა ბრძოლა რუსული გავლენებისგან გასათავისუფლებლად და ევროპული მომავლის დასაცავად. მივხვდი, რომ განზე გადგომის უფლება არ მქონდა, ამიტომ სახლში ვეღარ გავჩერდებოდი და პროტესტს შევუერთდი.

გაიხსენე ის დღე, ეპიზოდი, რაც შემდეგ შენი დაპატიმრების საბაბი გახდა.

გასაკვირია, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, რომ ეს ჩემი დაკავების მიზეზი გახდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი მიტინგი, რომელსაც გვიან საღამოს შევუერთდი. იმ დღეს, თუ სწორად მახსოვს, პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს აპროტესტებდნენ. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იქნებოდა შეკრებილი. გზის გადაკეტვას ვცდილობდით, რათა დეპუტატების მანქანებს ვერ გაევლოთ და ამით მათთვის ჩვენი სათქმელი გაგვეგონებინა. თუმცა, პოლიციამ აქციის მონაწილეების ძალადობრივი დაშლა და ძალიან დიდი აგრესიით დაკავება დაიწყო. ასეთ მომენტებში ყოველთვის ვცდილობ, მოვლენების ეპიცენტრში ვიყო და სხვებს დავეხმარო.

იმ მომენტში, როცა შუშა ჩავამტვრიე, პოლიციამ წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. ხალხს ძირს ყრიდნენ. ვცდილობდი, ასფალტზე დაცემული ადამიანები წამომეყენებინა. ამ დროს ვიგრძენი, რომ თვალებში წიწაკის სპრეი მომხვდა და მხედველობა დავკარგე. მხოლოდ მანქანის სილუეტს ვხედავდი. ვიფიქრე, რომ მინის ჩამტვრევით ჰაერს შევუშვებდი და ეს ვინმეს დაეხმარებოდა. მცირე ხნით ამან მართლაც იმოქმედა, პოლიცია გაიფანტა. რადგან იმ მომენტში თითქოს არავინ დაუკავებიათ, ტერიტორია მეც დავტოვე.

დენის კულანინი

მეორე დღეს კი სახლთან დამაკავეს. საღამოს 10 საათზე ისევ აქციაზე გასვლას ვგეგმავდი, რა დროსაც ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მყოფმა პოლიციელთა დიდმა ჯგუფმა დამიჭირა. ყველა მირჩევდა, რომ ქვეყანა იმავე დღეს დამეტოვებინა და არ გამერისკა, მაგრამ დარჩენა ვამჯობინე, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდებოდა.

შენი დაპატიმრება და სასამართლო პროცესები ქართულ საზოგადოებას გამოეპარა. შენ შესახებ საკმაოდ გვიან გავიგეთ და მერე შენი წერილებით გაგიცანით, რომელსაც ციხიდან ავრცელებდი. რა გამოვტოვეთ?

ეს იმის ბრალია, რომ თავიდან ჯარიმის ან პირობითი მსჯავრის იმედი მქონდა. მე და ჩემმა ადვოკატმა, დიანამ, თავიდანვე ასეთი სტრატეგია ავირჩიეთ, რომ ფაქტი არ გაგვეხმაურებინა, რადგან ვფიქრობდით, რომ ასე უფრო მარტივად გავთავისუფლდებოდი.

თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. როცა რეალური სასჯელი მომისაჯეს, მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო. უბრალოდ ციხეში ჩუმად ჯდომა არ მინდოდა, ამიტომ წერილების წერა და ჩემი სათქმელის საჯაროდ თქმა დავიწყე.

მოგვიყევი ციხის გამოცდილებაზე. გაიცანი, გქონდა ურთიერთობა სხვა პოლიტპატიმრებთან?

პირველივე დღიდან ანტონთან [ჩეჩინი] და არტიომთან [გრიბული] ერთად მომათავსეს. განაჩენის გამოტანამდე, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სამნი ერთად ვისხედით. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ჩვეულებრივ, რუსულენოვან პატიმრებთან გადამიყვანეს. იქაც არამწეველთა საკანი იყო, რაც ჩემი მთავარი პირობა გახლდათ.

მოგვიანებით ჩვენს საკანში ინსაფ ალიევი შემოიყვანეს. საოცარი ადამიანია და ძალიან ველოდები მის გათავისუფლებას! სასჯელის გამოცხადების შემდეგ მორალურად ძალიან განადგურებული ვიყავი, ინსაფმა კი თავისი პოზიტიური განწყობით დიდი ძალა მომცა. ნახევარი წელი უკვე გასული იყო, რაც იჯდა და გარემოს შეჩვეული იყო. სექტემბერში ინსაფი ვეფხოსა [კასრაძე] და ზვიადის [ცეცხლაძე] საკანში გადავიდა. მეც მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ რადგან იმ საკანში ეწეოდნენ, უარი ვთქვი.

გადავიდეთ შეწყალების საკითხზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შენი მიზანი არ ყოფილა შეწყალების მიღება. მოყევი, რა მოხდა.

ერთ დღეს საკანში სოციალური მუშაკი შემოვიდა და საბუთი შემომიტანა. მკითხა, მინდოდა თუ არა ვადამდე გათავისუფლება და შეწყალების პროცესში მონაწილეობა (თუმცა, მან ამას ამნისტია უწოდა). ენობრივი ბარიერის გამო კომუნიკაცია ძალიან გვიჭირდა, ამიტომ დოკუმენტს ხელი მაინც მოვაწერე. მოგვიანებით ინსაფმა მირჩია, კარგად გავრკვეულიყავი, რას მოვაწერე ხელი. სოცმუშაკი რომ დაბრუნდა, დამიდასტურა, რომ ეს მართლაც შეწყალება იყო. როგორც კი ეს გავიგე, მაშინვე უარი განვაცხადე.

გაკვირვებულმა მითხრა, რომ პირველი ვიყავი, ვინც ამას აკეთებდა. ფურცელი მოვითხოვე და საკუთარი ხელით, რუსულ და ქართულ ენებზე დავწერე, რომ შეწყალებაზე უარს ვამბობდი. მეგონა, ეს საკითხი დაიხურა და მთელი წელი აღარც გამხსენებია.

თუმცა, აგვისტოში ან ივლისის ბოლოს, შეწყალების დოკუმენტი მაინც მოვიდა. სიმართლე გითხრათ, ამ ხელისუფლებისგან [ყაველაშვილისგან] შეწყალების მიღება საერთოდ არ მინდოდა. ეს რომ მაგალითად [მეხუთე პრეზიდენტის] სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ყოფილიყო, დაუფიქრებლად მოვაწერდი ხელს.

არის რამე, რის თქმასაც ისურვებდი, მაგრამ მე არ მიკითხავს? შეგიძლია დაამატო.

ახლა ერთ-ერთ ქვეყანაში ვარ და რაც დრო გადის, სულ უფრო მძაფრად ვგრძნობ საქართველოში დაბრუნების სურვილს. იმ თანადგომამ, რაც ხალხმა ორი კვირის წინ ჩემ მიმართ გამოიჩინა, მთლიანად შემცვალა. გავაცნობიერე, რომ საქართველო ჩემი უზარმაზარი ოჯახია. ოდესღაც ევროპაში წასვლაზე ვოცნებობდი, ახლა კი ეს საერთოდ აღარ მინდა. ჩემი ერთადერთი ოცნება ხელისუფლების ცვლილება და საქართველოში დაბრუნებაა.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემზე ნერვიულობდა, თითოეულ უფლებადამცველს. ვაპირებ, მაქსიმალურად გავიზიარო იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ასე დამიდგა გვერდში, რათა მომავალში მეც შევძლო სხვების დახმარება.

რა იქნება შენი მთავარი გზავნილი აქ და ახლა საქართველოს საზოგადოებისთვის, ნეტგაზეთის მკითხველისა და მაყურებლისთვის?

ჩემი მთავარი სათქმელი პროტესტის მონაწილეების მიმართ ასეთია: იმოქმედეთ ისე, როგორც გული და სინდისი გიკარნახებთ. თუ უსამართლობას ხედავთ, აუცილებლად დაეხმარეთ ჩაგრულს. დღეს ჩვენ გმირები კი არა, პასუხისმგებლობიანი და ღირსების გრძნობის მქონე ადამიანები გვჭირდება.

შეგიძლია ქართულად რამის თქმა, თუ არის რამე სიტყვა ან ფრაზა, რაც ისწავლე ქართულად, ან ციხეში ან ისე?

ერთხელ ლექსი დავწერე და ბოლოში ასეთი ფრაზა დავამატე: Они Грузия моя, эс оджахи чемиа – “ეს ოჯახი ჩემია”. არ ვიცი, გრამატიკულად რამდენად გამართულია, მაგრამ ასეთი რითმა გამოვიდა.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა მხარდაჭერისთვის! განსაკუთრებული მადლობა ნეტგაზეთს. დიდი სიამოვნებით გაძლევთ ამ ინტერვიუს, რადგან სწორედ თქვენ გამოაქვეყნეთ ჩემი პირველი წერილი. საქართველოში დაბრუნების ძალიან დიდი იმედი მაქვს. წარმატებებს გისურვებთ, დროებით.