დენის კულანინის ადვოკატი, ციალა რატინი აცხადებს, რომ გაეცნო მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომლითაც უწყება ითხოვს, რომ ის გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, უფლებადამცველის თქმით, მიგრაციის დეპარტამენტი ითხოვს, რომ დენის კულანინმა სასამართლოს ბრძანებით 7 დღის ვადაში დატოვოს საქართველო და მას საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს 5 წლის ვადით.
„რუსეთის ფედერაციაში გაძევებას ითხოვს, მაგრამ აძლევს 7-დღიან ვადას. ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც აირჩევს, მთავარია იმ ქვეყანამ მიიღოს“, – ამბობს ციალა რატიანი „ნეტგაზეთთან“.
საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს ზეპირი მოსმენის გარეშე. როდის ჩაინიშნება პროცესი, ჯერ უცნობია.  ადვოკატის თქმით, შეიტანა სასამართლოში დაცვის მხარის პოზიცია, რომლითაც ითხოვდა სწორედ ვადის დაწესებას.
„მე ყოველ დღე დავრეკავ, თუ იქნება ბრძანება, უკვე ავიღებ ბილეთებს, პასპორტები გუშინ ჩავაბარე მიგრაციის დეპარტამენტს და წინ აღარაფერი უდგას, რომ მიაცილონ აეროპორტამდე“, – ამბობს ადვოკატი „ნეტგაზეთთან“.

დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის  2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.  ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.

30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენის კულანინი მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.

თუმცა, 31 აგვისტოს, ადვოკატ ციალა ქათამაძეს დენის კულანინის საქმის მენეჯერმა განუცხადა, რომ  ის ვერ დატოვებს საქართველოს ნებაყოფლობით, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო არ იმსჯელებს მისი საქართველოდან გაძევების საკითხზე.