საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინის რუსეთში დეპორტაცია არ მოხდეს.

როგორც Amnesty International აცხადებს, რუსეთში დეპორტაციის შემთხვევაში, დენის კულანინს პატიმრობ და  წამება ემუქრება. ამიტომ ორგანიზაციის განცხადებით, ის დაცული უნდა იყოს რუსეთში იძულებითი დაბრუნებისგან.

„დენის კულანინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარდაჭერას გამოხატავდა ალექსეი ნავალნის მიმართ — ორივე მათგანი რუსეთში დანაშაულად ითვლება და ციხით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტაცია რუსეთში. იმ პირობებში, როცა ომის მოწინააღმდეგეთა მიმართ მკაცრი რეპრესიები მიმდინარეობს, მას შესაძლოა დაემუქროს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე“, – აცხადებს დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე.

მისივე განცხადებით, საქართველო ვალდებულია დაიცვას არდაბრუნების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის გადაცემას იმ ქვეყნისთვის, სადაც მას ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე დაემუქრება.

„საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტიანად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში“, – აცხადებს დენის კრივოშეევი.


დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის  2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.  ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.

30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენის კულანინი მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.

თუმცა, 31 აგვისტოს, ადვოკატ ციალა ქათამაძეს დენის კულანინის საქმის მენეჯერმა განუცხადა, რომ  ის ვერ დატოვებს საქართველოს ნებაყოფლობით, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლო არ იმსჯელებს მისი საქართველოდან გაძევების საკითხზე.

პირველ სექტემბერს ადვოკატმა ციალა რატიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით – დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში.