დენის კულანინის ადვოკატის, ციალა რატიანი წერს, რომ დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით – დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში.

მისივე განცხადებით, სასამართლო იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რაც დაცვის მხარეს საშუალებას არ მისცემს ზეპირად დაასაბუთონ მათი პოზიცია:

„დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა არ მისცა საშუალება დენის კულანინს, რომ დაეტოვებინა საქართველო და გამგზავრებულიყო ნებაყოფლობით მესამე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩავაბარე მიგრაციის დეპარტამენტში დენის კულანინის ბილეთი, ჩასხდომის ბარათი და მისი რუსეთის ფედერაციის შიდა და საზღვარგარეთის პასპორტი. მიგრაციის დეპარტამენტს განზრახული აქვს დენის კულანინის გაძევება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, გახდება არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დღეს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დენის კულანინი გაძევებული იყოს წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთის ფედერაციაში. სასამართლო იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად, რაც არ მოგვცემს საშუალებას ზეპირად დავასაბუთოთ ჩვენი პოზიცია“, – წერს ციალა რატიანი. 


დენის კულანინი რუსეთის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა. ის  2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. თუმცა, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ის არ გათავისუფლებულა და ციხიდან მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.  ადვოკატის თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან, სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს. რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.

30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დენის კულანინი მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.