ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
წამყვანი ევროპარლამენტარების თქმით, „ქართული ოცნების“ მოწოდება „დიალოგისკენ“ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს.
„ჩვენ ცნობად ვიღებთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგის კარი არასოდეს დაუხურავს. ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ მან ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ფორმალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ სწორედ ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია რჩებოდა ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ის ხელისუფლებისთვისაც გაიღება იმ დღეს, როდესაც მათი ქმედებები, და არა სიტყვები, აჩვენებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული გზისკენ დაბრუნებას“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორების აზრით, ამ შეთავაზების დრო თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე — ის ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მოთხოვნის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის პარლამენტში ჯერ კიდევ წარმოდგენილი ბოლო ოპოზიციური პარტიის [„გახარია — საქართველოსთვის“], აკრძალვის საქმეზე მოსმენების დაწყებას.
„მთავრობა, რომელიც თავისი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას ცდილობს, იმავდროულად დიალოგისთვის სანდო პარტნიორად ვერ წარმოჩნდება. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება შეუძლებელია აღვიქვათ სხვაგვარად, თუ არა როგორც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის შენიღბვის მცდელობა. როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვითხოვთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა აღნიშნავს გადამწყვეტ ნაბიჯს უკან, ერთპარტიული სისტემისკენ, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების კვალდაკვალ. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს და გამორიცხავს წევრობისკენ მიმავალ ნებისმიერ პროგრესს. დღემდე არაფერი შეცვლილა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მხარდაჭერას გამოხატავენ ქართველი ხალხის მიმართ და აცხადებენ, რომ არ ვცნობთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.
განცხადების ავტორების აზრით, ნებისმიერი ნამდვილი ხელახალი თანამშრომლობა დაფუძნებული უნდა იყოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებზე:
- ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება;
- სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდველი კანონების გაუქმება, მათ შორის იმ შეზღუდვებისა, რომლებმაც აიძულა ევროპული პოლიტიკური ფონდები, დაეტოვებინათ ქვეყანა;
- ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის დასრულება;
- გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ.
„მანამდე კი, ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააკისრონ ხელშესახები ზომები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები „ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის“ (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი) ან სხვა სასანქციო რეჟიმის ფარგლებში მათზე, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად უყურებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგში ხელახლა ჩართვას, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დამტკიცება“, — ნათქვამია განცხადებაში.
