საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.

„დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც…

2026 წლის 6 თვის მაჩვენებლებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და 3,876.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით (რეექსპორტის გარეშე), რომელიც 62.6%-ით გაიზარდა და 2,391.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.