ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გულბაათ რცხილაძე მის დაკავებას „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნას უკავშირებს. პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. გულბაათ რცხილაძე ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია.
„კატეგორიულად უარყოფს. ეს ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არ ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყოო… „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ რომ შექმნა, მაგას უკავშირებს თვითონ, ალბათ, ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო.
„ობიექტივზე“ თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა, 27 მარტიდან, მე მგონი, უფრო გააქტიურდა და გარკვეული თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა ამას. არ ვიცი ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება რატომ შეიძლება ყოფილიყო მისი დაავება გადაწყვეტილი.
ირანში აპირებდა წასვლას, კი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო მომენტში გადაიფიქრა“, – აცხადებს ლაშა გოლუბიანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. უწყებაში განმარტავენ, რომ ის დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. თუმცა არ ასახელებენ რომელია ეს ქვეყნები.
გულბაათ რცხილაძე პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ორგანიზაცია პერიოდულად მართავდა კონფერენციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. მაგალითად, 2 წლის წინ, 2024 წელს გულბაათ რცხილაძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული ტყუილის წინააღმდეგ”.
ორგანიზაციის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ კრიტიკული განწყობები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ “დასავლეთიდან თავსმოხვეული” დამოკიდებულებებია.
გულბაათ რცხილაძე ემხრობოდა რუსული კანონის იდეას, თუმცა მას არასწორად მიაჩნდა მისი მიღება 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდში.
გულბაათ რცხილაძე, „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერია.
