გიორგი პატარიძის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემა შეიძლება რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემაც დატოვოს.

როგორც “ოცნების” იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტვ პირველს განუცხადა, ტრაპაიძის საკითხზე მსჯელობენ.

ჟურნალისტის პირდაპირ კითხვაზე, რჩება თუ არა შოთა ტრაპაიძე დაკავებულ თანამდებობაზე, სალიამ ასე უპასუხა.

“ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება”.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოსტი დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ. ამას გიორგი დავითაძისა და ძმები ფეიქრიშვილების ოჯახები მოითხოვდნენ. დავითაძის ოჯახი რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასაც ითხოვდა.

გიორგი დავითაძის საქმე
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ #6 ციხეში ბადრაგებმა მასზე სქესობრივად იძალადეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდადებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდადებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ოჯახი ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“. მან უარი თქვა კლინიკაში გადაყვანაზე.

პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ოჯახი საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.