გულბაათ რცხილაძეს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომა დღეს, პირველ ივნისს, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. გულბაათ რცხილაძის პროცესი დახურულ ფორმატში გაგრძელდება. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომებს ვერც მედია და დაინტერესებული პირები დაესწრებიან და ვერც მხარეები გაამჟღავნებენ საქმის დეტალებს.
დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, გულბაათ რცხილაძემ თავადვე განაცხადა სასამართლოში, რომ „არც ჯაშუშია, არც მოღალატე, ქართველი, პატრიოტი ადამიანია და მზადაა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის.“
როგორც ნეტგაზეთთან საუბრისას გულბაათ რცხილაძის და, თამარი აღნიშნავს, რცხილაძე პარასკევს, 29 მაისს, დაახლოებით ღამის 9 საათზე დააკავეს, როდესაც მარტო იმყოფებოდა სახლში ხანდაზმულ მშობლებთან, მათ შორის, ლოგინად ჩავარდნილ მამასთან ერთად.
რცხილაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებამ, მათ შორი მისმა დამ, მეორე დილით შეიტყო. ჯერ სუს-ის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დააკავეს „არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი“ ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა, გვარ-სახელის დაუკონკრეტებლად. რამდენიმე წუთში კი ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძე იყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ის „ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“. თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.] ეს იმას ნიშნავს, რომ გულბაათ რცხილაძეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს. მისი და, თამარი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ჯაშუშობა თავის თავში ფარულ და საიდუმლო მოქმედებებს გულისხმობს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას. გულბაათ რცხილაძე კი სახელმწიფო მოხელე არ ყოფილა, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონოდა და მთელი მისი საქმიანობა ყოველთვის იყო ღია და საჯარო, „იმის მიუხედავად, ეს ვის მოსწონდა და ვის არა, ან ვინ ეთანხმებოდა და ვინ არა“.
გულბაათ რცხილაძის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი, ამბობს, რომ:
„ადამიანი თუ არის ჯაშუში, უნდა იყოს 2 ფაქტი: მოქმედებდეს უცხო ქვეყნის დავალებებით, აგროვებდეს ინფორმაციას, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციას, და ქვეყანა ზიანდებოდეს. ქვეყნის ინტერესები დააზიანა ბატონმა გულბაათმა?! დადონ მაშინ ფაქტი, რომ რამეთი დააზიანა სახელმწიფოს ინტერესი. პროკურორმა თვითონვე აღიარა, რომ ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება არ ჰქონდა. თუ დაშვება არ ჰქონდა, რა ინფორმაცია გადასცა? ჩვენი ვარაუდით, დაკავება დაკავშირებულია „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოსთან“.
ერთია რას შეკერავენ და მეორეა, რა არის რეალური მიზეზი. ადამიანი არის პოლიტოლოგი და დებდა ექსპერტულ დასკვნებს. რა არის აქ დანაშაული? ადამიანი რომ იმიტომ დავჩაგროთ, რომ რუსია, ან გერმანელი ან ამერიკელი, ნორმალურია ეს?! მისი მიზანი იყო ნორმალური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. წიგნი რომ გამოუშვა, მაგალითად, სამამულო ომის შესახებ, კონფერენციებს რომ ატარებდა, ამაში ჰონორარს იღებდა. რაც ჰქონდა საჯარო აქტივობები, ისაა მტკიცებულებებიც. მაშინ აქამდე რატომ არ დაიჭირეს? ირანშიც აპირებდა წასვლას, რეპორტაჟი უნდა გადაეღო ომის შემდგომ მდგომარეობაზე. მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. ამ მტკიცებულებებით დანაშაულებრივი ქმედება და ჯაშუშობა არ დასტურდება. კონკრეტულად თქმა მტკიცებულებებზე არ შემიძლია გაუთქმელობის გამო.“
მომდევნო სხდომა გულბაათ რცხილაძის საქმეზე 20 ივლისს შედგება.
გულბაათ რცხილაძე პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ორგანიზაცია პერიოდულად მართავდა კონფერენციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. მაგალითად, 2 წლის წინ, 2024 წელს, გულბაათ რცხილაძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით “საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული ტყუილის წინააღმდეგ”.
ორგანიზაციის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ კრიტიკული განწყობები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ “დასავლეთიდან თავსმოხვეული” დამოკიდებულებებია.
გულბაათ რცხილაძე ემხრობოდა რუსული კანონის იდეას, თუმცა მას არასწორად მიაჩნდა მისი მიღება 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდში.
გულბაათ რცხილაძე, „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს“ შექმნის ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერია.
