საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის დამარცხების შემდეგ, სერბეთის ვოივოდინის რადიოსა და ტელევიზიის (RTV) წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას მრავალი წელი არ ასრულებდა.
RTV სერბეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციაა.
ტელეკომპანია RTV-ს წამყვანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმის გამოც, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ აჩვენეს „სტუდენტური სიის“ გამარჯვების ამსახველი კადრები.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი მრავალი წელი არ ასრულებდა თავის ფუნქციას. ის დუმდა, თვალს ხუჭავდა, მოვლენებს ცალმხრივად აშუქებდა, აქვეყნებდა მასალებს კრიტიკული ანალიზის გარეშე, არ სვამდა სწორ კითხვებს ან საერთოდ არ სვამდა მათ. ამის გამო მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – განაცხადა RTV-ს წამყვანმა.
მისი თქმით, RTV-ის თანამშრომელთა ნაწილი იბრძოდა იმისთვის, რომ ამ კომპანიის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს ემუშავათ თავისუფლად და ეთიკური პრინციპების დაცვით.
„სამწუხაროდ, ეს ბრძოლა დროულად ვერ მოვიგეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, — განაცხადა ერორმა.
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნები ორწლიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომლის სათავეშიც სტუდენტები იდგნენ. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა. სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობასთან მარცხი აღიარა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ამით სერბეთში ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობა სრულდება. ქვეყნის მმართველობაში იგი 2014 წლიდან იმყოფება.
