სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კაცი გულბაათ რცხილაძეა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ის “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას”. სუს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
გულბაათ რცხილაძე პრორუსული და ანტიდასავლური ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ორგანიზაცია პერიოდულად მართავდა კონფერენციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ. მაგალითად, 2 წლის წინ, 2024 წელს გულბაათ რცხილაძის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული ტყუილის წინააღმდეგ”.
ორგანიზაციის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ კრიტიკული განწყობები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ “დასავლეთიდან თავსმოხვეული” დამოკიდებულებებია.
გულბაათ რცხილაძე ემხრობოდა რუსული კანონის იდეას, თუმცა მას არასწორად მიაჩნდა მისი მიღება 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდში.
“არჩევნების წინ ასეთი მგრძნობიარე თემის პოპულისტურ ჭრილში განხილვის არც დროა და არც ვითარება. უნდა დაწყნარდეს ემოციები, ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ განვიხილოთ, რა არის საჭირო, რა შეიცვალოს და რა — არა. რაც ახლა ხდება, უპასუხისმგებლობაა. იდეის დონეზე [კანონპროექტს] ვემხრობი კი არა, მე თვითონ ვიყავი 2012-13 წლებში ამ იდეის ინიციატორი. მე ვარ ხომალდის მეთაური. თუ ვინმე მომემხრობა, მომემხროს. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის იდეა პირველმა მე გავაჟღერე”, – უთხრა გულბაათ რცხილაძემ ნეტგაზეთს 2024 წლის მაისში, რუსული კანონის დამტკიცებამდე.
გულბაათ რცხილაძის დაკავების შემდეგ, სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ჰქონდა “მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები”. მაღრაძის თქმით, რცხილაძე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს სადაზვერვო ინფორმაციას გადასცემდა როგორც პირისპირ შეხვედრებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ასევე, პერიოდულად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ “ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით”.
