ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სასამართლო სხდომა დღეს, პირველ ივნისს, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა და გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. ირაკლი ჩიხლაძის პროცესი დახურულ ფორმატში გაგრძელდება. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომებს ვერც მედია და დაინტერესებული პირები დაესწრებიან და ვერც მხარეები გაამჟღავნებენ საქმის დეტალებს.

სუს-ის თანახმად, ირაკლი ჩიხლაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, „ონლაინ-პლატფორმის საფარით“ კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას, „ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით“ უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. „ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა მათ შესრულების პროცესს“; უცხო ქვეყნების დაფინანსებით გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებში სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

წარდგენილი ბრალის შესაბამისად, ირაკლი ჩიხლაძეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ირაკლი ჩიხლაძე დუმილის უფლებით სარგებლობს და, როგორც ადვოკატმა განმარტა, მას არც სხდომაზე უსაუბრია.

დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჯერ კიდევ სხდომამდე განაცხადა, ირაკლი ჩიხლაძის პოზიციაა, რომ მას არასდროს გადაუდგამს ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი და არ გადაუცია რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი.

„ბრალად შერაცხეს ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია და არც იმის საშუალება არ აქვს, რომ თავი დაიცვას ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის წინაშე. მას არ აქვს უფლება, საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულება გაასაჯაროოს, რას ედავებიან. მისთვის ამოუხსნელია, რატომ დააკავეს და რატომ წაუყენეს ეს ბრალი.

ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, წარმომადგენელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა“, — ამბობს ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, გიორგი გელხაური.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ადვოკატი მედიას უზიარებს იმ კითხვებს, რაც სხდომაზე დაისვა:

  • რა საიდუმლო ინფორმაცია, ან ასეთის შემცველი დოკუმენტი გადასცა ირაკლი ჩიხლაძემ საკონტაქტო პირს?
  • ქვეყნის ინტერესების დაზიანება რაში გამოიხატა?

როგორც ადვოკატი აზუსტებს, ბრალდების მხრიდან პასუხი ამ კითხვებზე არ მიუღია.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო. […] გამოვიდეს პროკურორი, გრიფითსაიდუმლო მოხსნას და ყველა მასალას წარმოგიდგენთ“, — ამბობს ადვოკატი.

დღეს, ამავე ბრალდებით დაკავებულ „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელ გულბაათ რცხილაძესაც შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. [ვრცლად წაიკითხეთ აქ: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა]

პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელიც ბრალდებას წარმოადგენს ჯაშუშობაში ბრალდებული ორივე პირის საქმეში, განაცხადა, რომ მტკიცებულებებს გამოძიებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს, მაგრამ ისინი არსებობს.

„ორივე ბრალდებულთან მიმართებით  შეგროვებული ინფორმაცია იყო სხვადასხვა სახის – როგორც ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ისე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ინტერესი იყო მატერიალური სარგებელი. დამერწმუნეთ, რომ არსებობს მტკიცებულებები“, — ამბობს პროკურორი.

ჯაშუშობის ბრალდებით ახალ დაკავებებს გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე და განაცხადა, რომ

„ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან“, — აცხადებს მდინარაძე და, სავარაუდოდ, გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიორგი უძილაურის ასეთივე ბრალდებით დაკავებას.

ირაკლი ჩიხლაძე „ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტისა“ და „სამოქალაქო განხილვების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მართავდა შეხვედრებსა და დისკუსიებს კონფლიქტების რეგულირებასთან და კავკასიის რეგიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. თანამშრომლობდა გამოცემასთან „ახალი კავკასია“.

ამავე თემაზე გაეცანით ირაკლი ჩიხლაძის შვილის წერილს, სადაც ის საუბრობს, როგორც მამის, ისე ბიძის, აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის შესახებ:

მოვითხოვთ გამჭვირვალობას და რეალურ მტკიცებულებებს – ირაკლი ჩიხლაძის შვილი