დეპუტატის ხელფასი როგორც წესი სახელმწიფოთა უმრავლესობაში საშუალო ხელფასზე მაღალია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტარი ხელფასის სახით საშუალოზე 2-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს, ზოგან — 10-ჯერ მეტს.

საქსტატის ცნობით, 2025 წელს საქართველოში საშუალო დასაბეგრმა ხელფასმა 2165 ლარი შეადგინა, იმავე წელს რიგითი დეპუტატის ხელფასი 11 680 ლარს გაუტოლდა და საშუალო ანაზღაურებას 5.4-ჯერ გადააჭარბა.

თანაფარდობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში

რა ვითარებაა ამ მხრივ ევროპაში? ევროკავშირის ქვეყნებში დეპუტატის ხელფასი საშუალოზე ხელფასზე უმრავლეს შემთხვევაში 2.5-ჯერ, 3-ჯერ მაღალია, თუმცა გვხვდება ისეთი შემთხვევებიც სადაც ეს თანაფარდობა 1.8, ან 3.6-ია.

სხვაობა დანარჩენი სახელმწიფოების ფონზე შესამჩნევად მაღალი იტალიასა და საბერძნეთში. იტალიაში რიგითი დეპუტატის ანაზღაურება საშუალო ხელფასზე 3.6-ჯერ, ხოლო საბერძნეთში 3.4-ჯერ მეტია.

გერმანიაში დეპუტატის ანაზღაურება საშუალოზე 2.6-ჯერ მაღალია, საფრანგეთში 2.5-ჯერ, ნიდერლანდებში 2.2-ჯერ, ესპანეთში 1.8-ჯერ.

ევროკავშირის ქვეყნების საშუალო თანაფარდობა დაახლოებით 2.5 – 3 იქნება.

Eurostat-ს მსგავსი ოფიციალური სტატისტიკა გამოქვეყნებული არ აქვს, მონაცემები დეპუტატების ანაზღაურებისა და საშუალო ხელფასებზე დაყრდნობითაა აღებული. დეპუტატის ხელფასს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს გარკვეული კანონით გათვალისწინებული დანამატი. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მითითებული იყოს დეპუტატის საშუალო ანაზღაურება რაც რიგით დეპუტატის ხელფასზე მეტია. უნიფიცირებული მონაცემების არქონის მიუხედავად მონაცემები ზოგად ტენდენციას მაინც ასახავს.

აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში სხვაობა განსაკუთრებით მაღალია. სამხრეთ აფრიკაში დეპუტატი რიგით დასაქმებულთან შედარებით ხელფასის სახით 10-ჯერ მეტ თანხას იღებს, ბრაზილიაში 14-ჯერ მეტს, ხოლო კენიაში — 30-ჯერ მეტს.

დეპუტატების ხელფასების სწრაფი ზრდა 2025 წლიდან

2026 წელს საქართველოში დეპუტატის ხელფასი 11 680-დან 12 800 ლარამდე გაიზარდა, 2027 წელს 13 880 ლარი უნდა გახდეს, ეს ჯერ ბიუჯეტის პროექტში არ წერია, თუმცა მოქმედი კანონი ზრდას ითვალისწინებს.

2026 წლის საშუალო ხელფასი, ქვეყნის დონეზე ცნობილი 2027 წელს გახდება, კვარტალურად პირველ კვარტალში მან 2364 და მეორეში 2389 ლარი შეადგინა.

დეპუტატის ხელფასი ერთბაშად 153%-ით 4624-დან 11 680 ლარამდე 2025 წელს გაიზარდა. 2026 წელს, მართალია ზრდის ტემპი 9.6%-მდე შემცირდა, მაგრამ თანხობრივად ამ ზრდამ მაინც 1120 ლარი შეადგინა.

რიგითი დასაქმებულისთვის საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის კლება

წლიური მონაცემის გამოქვეყნებამდე, მხოლოდ პირველ ორ კვარტალზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა ძნელია, თუმცა გარკვეული გარემოებები მაინც იკვეთება, კერძოდ: 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ნომონალური ხელფასის ზრდის ტემპმა 11.7% შეადგინა, მეორე კვარტალში 10.3%. 2026 წლის პირველ კვარტალში ზრდის ტემპი 8.9%-მდე და მეორე კვარტალში 8%-მდე შემცირდა. ამას გაზრდილი ინფლაციაც ემატება, 2025 წლის პირველ ნახევარში სამომხმარებლო ფასები 3.1%-ით გაიზარდა, 2026 წლის პირველ ნახევარში 5.2%-ით. გაზრდილმა ინფლაციამ ნომინალური ზრდა, თითქმის მთლიანად შთანთქა.

მნიშვნელოვანია საკუთრების ფორმის მხრივ ჩაშლაც. 2026 წლის მეორე კვარტალში სახელმწიფო სექტორში ხელფასის ზრდის ტემპმა 10.4% შეადგინა, არასახელმწიფოში კი მხოლოდ 6.8%. მეორე კვარტალში ინფლაციამ 5.8%-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური ხელფასი არასახელმწიფო სექტორში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. არასახელმწიფო სექტორი ძირითადად კომერციულ მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მცირე დოზით ის ასევე მოიცავს ყველა სხვა დანარჩენ სფეროს, რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

ბოლო პერიოდში სახელმწიფო სექტორში ხელფასების უფრო სწრაფი ზრდის მიუხედავად, არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი მაინც უფრო მაღალია, თუმცა ასევე მეტია სხვაობა რიგით თანამშრომელსა და ტოპ მენეჯმენტს შორის. აღნიშნული სხვაობა უფრო მეტად თვალში საცემი მსხვილ ბიზნესშია. საქსტატი მედიანურ ხელფასს (ხელფასები ლაგდება ზრდის მიხედვით და შემდეგ მისი შუა ნაწილი ირჩევა) სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში ჩაშლილად არ აქვეყნებს, ასევე უცნობია მოდალური ხელფასი, ანუ ის ხელფასი რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი იღებს.

თანაფარდობა არაოფიციალურ მინიმალურ ხელფასთან

საქართველოში მინიმალური ხელფასი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, 1999 წელს დაწესებული 20 ლარი, უკვე დიდი ხანია ფორმალობადაა ქცეული.

ემპირიული დაკვირვებით, თბილისში მომსახურების სფეროში ზოგიერთ პოზიციაზე ხელზე ასაღების ხელფასი 1000-1200 ლარი და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია, რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმედაა, ოფიციალური საშუალო ხელზე ასაღები ხელფასიც კი კახეთში 1107 ლარს შეადგენს, იმერეთში 1072 ლარს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 910 ლარს. დასაქმებულთა დიდ ნაწილს ხელფასი საშუალოზე ნაკლები აქვს. (ხელზე ასაღები ხელფასის გამოთვლისას, დაკლებულია მხოლოდ საშემოსავლო და არა საპენსიო შენატანიც, რომელსაც ბევრი იხდის, მაგრამ არა ყველა).

დეპუტატის ხელზე ასაღები ხელფასი 2025 წლის მდგომარეობით 10 000 ლარზე მეტი გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ანაზღაურება საშუალო ხელფასზე 5.4-ჯერ მეტია და არაოფიციალურ მინიმუმს 10-ჯერ, 15-ჯერ და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა 20-ჯერაც აღემატება.

არის კიდევ ერთი გარემოება: დეპუტატები მთელი წელი არ მუშაობენ, ისინი საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბებიან. ის დეპუტატიც კი, რომელიც მუდმივად ესწრება პლენარულს სხდომებსაც და საკომიტეტო მოსმენებსაც, წელიწადში მაინც 180-190 სამუშაო დღე გამოსდის, პრაქტიკაში კი ნახევრადცარიელი დარბაზები ხშირად უნახავს მაყურებელს. ამის საწინააღმდეგოდ, სტანდარტული დასაქმების შემთხვევაში, ორშაბათი-პარასკევი, წლიურად 24 შვებულების დღე, დასაქმებულს დაახლოებით 240 დღე უწევს მუშაობა. დასაქმებულთა ნაწილს კვირაში 6 დღე უწევს მუშაობა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, სხვაობა რეალურ დღიურ, ან საათობრივ ანაზღაურებაში დეპუტატსა და რიგით დასაქმებულს შორის კიდევ უფრო დიდი გამოდის.