ირაკლი კობახიძეს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, დღეს, 19 მაისს, ბრიფინგზე მოუწია ესაუბრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების, მათი ოჯახების მოთხოვნებზე, რომლებიც თითქმის ერთი თვეა, მის სამუშაო ადგილთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ და ამ დრომდე ვერ მიაღწიეს კობახიძესთან პირისპირ შეხვედრას და კომუნიკაციას.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის პაციენტები [რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა პროგრესირებადი დაავადების გამო იშვიათად სცდება ახალგაზრდობის ასაკს] და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ ქვეყანაში იმ თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას და მკურნალობის დანერგვას, რასაც დაავადების პროგრესის შეკავება შეუძლია.

რას ეუბნება მედიის მიკროფონების გავლით ირაკლი კობახიძე პაციენტების მშობლებს და რა არის მისი მთავარი გზავნილები რიგითობით:

  • „ქართული ოცნება“ მზად არის ისაუბროს ყველასთან, პირველ რიგში პატრიარქთან. ჯანდაცვის სამინისტროსთან, როგორც ექსპერტული ცოდნის უწყებასთან, მაგრამ არა მშობლებთან, რომლებიც საკუთარი შვილების სიცოცხლის გადარჩენასა და გახანგრძლივებაში დახმარებას ითხოვენ სახელმწიფოსგან.

„მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში, ბუნებრივია, მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. […] ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე.

[…] სადაც არის შესაბამისი ექსპერტული ცოდნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო. უმჯობესია, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდეს სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს კონსულტაციები წარმოებდა და მზაობა დღესაც არსებობს. სადაც არის ექსპერტული ცოდნა, სჯობს იქ გაგრძელდეს კონსულტაციები და არა წმინდა პოლიტიკურ ჭრილში. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში გაგრძელდეს ამ საკითხზე კონსულტაციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიის წარმომადგენლებთან“ — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

  • ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ოცნებას“ აქვს მყარი და კონკრეტული პოზიცია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის ახალ და თანამედროვე მიდგომებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით — ეს არის ათობით მილიონის ოდენობის ხარჯი ყოველწლიურად, რომელიც არ დებს „ხელშესახებ შედეგს“ და ამ თანხის განკარგვა პარტიას უფრო „რაციონალურად“ შეუძლია, ვიდრე „ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებაა“.

„ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და ამ თანხის დახარჯვამ მოიტანოს სათანადო შედეგი? თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია? ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. თუ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ თანხით შესაძლებელია ხელშესახები შედეგის მიღწევა, ამ შემთხვევაში რაზეა საუბარი. მაგრამ თუ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, — ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება „განცდებს“ რაც მმართველ პარტიაში აქვთ და ამის საფუძვლებსა და უსაფუძვლობას:

გაეცანით ამირან გამყრელიძის რეკომენდაციებს, რომელიც ამბობს, რომ თანამედროვე მედიკამენტები რეალურ პერსპექტივას ქმნის და იმედს უსახავს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს მთელ მსოფლიოში. რომ მედიცინისა და ტექნოლოგიების განვითარების ეს გზა უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს, რაც მედიკამენტების სიძვირეს განაპირობებს, მაგრამ უპირველესი ყოველთვის პაციენტია და დილემა დგას ასე: როგორ გახდეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი პაციენტისთვის.

გაეცანით ასევე 200-მდე ექიმის საერთო მიმართვას, რომლებიც მოითხოვენ ადეკვატური პოლიტიკის სწრაფად შემუშავებას, რომ არცერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო სიცოცხლისთვის ბრძოლაში.

გაეცანით ასევე მშობლების პასუხს სახელმწიფოს მიმართ იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე აპრობირებული და დამტკიცებულია აშშ-ისა და ევროპის წამლის სააგენტოების მიერ, წარმატებით გამოიყენება და თვალხილული შედეგი აქვს მათ შორის, ქართველ პაციენტებზე, რომელთაც მოახერხეს ემიგრაციაში წასვლის გზით მათი მიღება. რატომ მკურნალობენ ქართველ ბავშვებს უცხოეთში და არა საკუთარ სამშობლოში, წაიკითხეთ აქ.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ათობით მილიონს ყოველწლიურად ვერ დახარჯავენ მედიკამენტებზე, რომელთან დაკავშირებითაც აქვთ „კონკრეტული პოზიცია“, რადგან ეს ბიუჯეტის ფულია და პასუხისმგებლები არიან მოსახლეობასთან.

„რაც შეეხება თანხას, ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი, თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი, პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხის პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმაზე, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში, ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს ხალხის ფულია“, — აცხადებს კობახიძე.

გაგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე „ოცნების“ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გასამართლდა და სამართლდება სახელმწიფოსთვის, ბიუჯეტისთვის მიყენებული ფინანსური ზიანის გამო.

  • ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მაღალი ალბათობით იგულისხმა აქონდროპლაზიის მართვისათვის საჭირო თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რაც ამ დიაგნოზის მქონე ოჯახებისა და მათი მხარდამჭერების დიდი ბრძოლის შედეგია. კობახიძემ ეს მოიხსენია, როგორც „ხელშესახები შედეგის“ არმომტან მედიკამენტებზე ათობით მილიონის უშედეგო ხარჯვა. და თუ ამჯერადაც დანებდება „ოცნება“ საზოგადოების ზეწოლას, „ფარმაცევტული მაფია“ კიდევ და კიდევ მოინდომებს მათ გაყვლეფას.

„იყო საქართველოში შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ სცადა იოლი გამოსავლის გზით წასვლა და წლების განმავლობაში ამაში დაიხარჯა ხალხის მრავალი მილიონი, რომელსაც არ მოაქვს ხელშესახები შედეგი. არ მინდა დავკონკრეტდე, რა მიმართულებაზეა საუბარი. თავის დროზე მთავრობამ მიიღო ხალხის ზეწოლის საფუძველზე, საზოგადოების ნაწილის ზეწოლის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება, დაიხარჯა ათეულობით მილიონი იმაში, რასაც არ მოაქვს შედეგი. თუ მთავრობა ამ გზით განაგრძობს სიარულს, შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოჰქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა – ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ფარმაცევტული მაფია დაინახავს მთავრობის სისუსტეს, მილიარდ ლარამდეც კი შეიძლება ავიდეს იმ თანხების საერთო მოცულობა, რომელიც ხმარდება არა კონკრეტულ შედეგს, არამედ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას. მთავრობამ უნდა იზრუნოს ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თითოეული თეთრის რაციონალურად გახარჯვაზე და არცერთი თეთრი არ უნდა მოხმარდეს ფარმაცევტულ მაფიას“, — აცხადებს კობახიძე.

გაეცანით ვრცლად პედიატრ ეკა კანდელაკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც აქონდროპლაზიის პაციენტების შედეგებს მიმოიხილავს მკურნალობის დაწყებიდან დღემდე. ეკა კანდელაკი არის იაშვილის კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი. სწორედ იაშვილის ბაზაზეა შექმნილი ექიმთა მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ჯანმრთელობას უწევს მონიტორინგს.

უფრო მოკლედ კი, რას ამბობს ეკა კანდელაკი: „გვაქვს კარგი და ძალიან კარგი შედეგები. მიღწეულია მოსალოდნელი და მოსალოდნელზე უკეთესი ანთროპომეტრიული მაჩვენებლები, გვყავს ბედნიერი ბავშვების ჯგუფი — უკეთ ადაპტირებული გარემოსთან, მომავლის იმედით სავსე, ნაკლები ტკივილით და ტკივილის გარეშე. შესაძლებლობების თანასწორობა არის მთავარი, როდესაც იშვიათი დაავადების მართვაზე ვსაუბრობთ.

ამონარიდი ამირან გამყრელიძის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ყოფილი დირექტორის ზემოთ ნახსენები განცხადებიდან: „მისასალმებელია, რომ აქონდროპლაზიის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის ყველა ჩართულ მხარეს. დიდი იმედი მაქვს, და შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ საერთო ძალისხმევით დიუშენის დაავადების პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდება.“

წაიკითხეთ დიუშენის მქონე 14 წლის ბიჭის ისტორია:

ასევე გაეცანით: