5 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი.

როგორც სააგენტო APA წერს, ილჰამ ალიევმა და კაია კალასმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ენერგეტიკის, კომუნიკაციების, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში.

“მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამავე დროს ქვეყანა ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება კიდევ დაიწყო ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანაში, გერმანიასა და ავსტრიაში”, – წერს APA.

ოფიციალური ცნობითვე, შეხვედრაზე ასევე შეეხნენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესს და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მშვიდობის დღის წესრიგის გასაძლიერებლად.

“აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე ჩამოყალიბებულია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ხაზგასმული იყო, რომ აზერბაიჯანმა ერთპიროვნულად მოხსნა შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით მიმავალ ტრანზიტულ ტვირთებზე. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა ვიდეოფორმატში ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში შეფასდა, როგორც ისტორიული მოვლენა,

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამჟამად აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროების საკითხები”.