ეუთო/ოდირი „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მზარდად რეპრესიულ და უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების არეალი ფართოა და არასამთავრობო ორგანიზაციებით არ შემოიფარგლება. მოიცავს ბუნდოვან, დაუზუსტებელ ტერმინებს, რომელთა თვითნებური გამოყენების დიდი რისკია.

განცხადებას ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ:

„საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების კვალდაკვალ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. აღნიშნული ცვლილებები სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კამპანიის წარმოებას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კრიმინალიზაციას უწევს ქმედებებს, რომლებზეც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების „დელეგიტიმაციას“ ეწევა.

ახალი კანონმდებლობა საზიანო გავლენას მოახდენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, მკვეთრად ზღუდავს მოქალაქეთა პოლიტიკურ და საჯარო ჩართულობას. კანონის ფართო მოქმედების არეალი შესაძლოა შეეხოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს, არამედ ცალკეულ ექსპერტებს, კონსულტანტებს, ან მომსახურების მიმწოდებლებსაც.

მკაცრი სისხლის სამართლებრივი სანქციები, ისეთი ფართო და ბუნდოვანი ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“, „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა დევნის საფუძვლად იქცეს, არ შეესაბამება სამართლის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი სიცხადისა და წინასწარ განჭვრეტადობის თვალსაზრისით და ქმნის თვითნებურად გამოყენების რისკს. უცხოეთიდან მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე მიღებული ნებისმიერი დაფინანსების კრიმინალიზაცია, სასჯელად ექვს წლამდე პატიმრობის განსაზღვრა, არაპროპორციული ზომაა, რომელიც ძირს უთხრის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას.

მანამდეც გაკეთებულა განცხადებები, რომ კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას არეგულირებს, შეუძლია სერიოზულად შეზღუდოს მათი საქმიანობა. 2025 წლის მარტში ოდირმა ასევე გამოხატა შეშფოთება დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების გამო და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრია და შეუთავსებელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფო აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისა და წარმატებისთვის. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ პატივი სცემენ პოლიტიკურ პარტიათა შექმნის უფლებას და უზრუნველყოფენ „გარანტიებს, რომლებიც მათ ერთმანეთთან კონკურენციის საშუალებას მისცემს თანასწორი მოპყრობის საფუძველზე“.

ეუთო კვლავაც სთავაზობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ საქართველომ კანონმდებლობა შეუსაბამოს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები სრულად დაიცვას.“


„ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა გრანტების შესახებ.

ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.

ფართოვდება გრანტის ცნება, პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ვრცლად, მიღებულ ცვლილებებზე, წაიკითხეთ აქ:

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული ცვლილებები დაამტკიცა