საზოგადოება

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული ცვლილებები დაამტკიცა

4 მარტი, 2026 •
„ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული ცვლილებები დაამტკიცა

„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.

ახალი კანონით ფართოვდება გრანტის ცნება. კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება  მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გრანტის მიმღებისთვის დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.

დამატებით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც დიდწილად უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. პოლიტიკური პარტიებისათვის კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, ფინანსური გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ვალდებულებები ფართოვდება და ვრცელდება ასევე პირზე, რომელიც არ არის პარტია, თუმცა საკუთარი საქმიანობის შინაარსით, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით ემსგავსება პარტიას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგინდება მეწარმე იურიდიული პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.


„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ცვლილებათა პაკეტს კრიტიკულად აფასებენ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოურ ქვეყნებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ნებისმიერი ტიპის ფინანსურ თანამშრომლობას მათი პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობად განიხილავს, ხელისუფლების კონტროლსა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უქვემდებარებს, ფაქტობრივად სრულად გასულია კონსტიტუციურ-სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჩარჩოდან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) მოუწოდა, საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო შეზღუდავს ქვეყანაში ამბების დამოუკიდებელი გაშუქებისთვის ისედაც შემცირებულ სივრცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი