“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის ნაწილი მოქმედ სტუდენტებსაც შეეხებათ, ოღონდ, ყველას არა. საუბარია საბაკალავრო პროგრამების სწავლების დროის შემცირებაზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირველკურსელებზეც გავრცელდება.
2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ “46-ე მუხლით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობის ცვლილება გავრცელდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე”, ანუ, მოქმედ პირველკურსელებზე.
რა წერია კანონის 46-ე მუხლში?
ეს მუხლი ეხება აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურებს. ამ მუხლის მე-2 ქვეპუნქტში წერია:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს;
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს;
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტში განმარტებულია, რომ “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა 1 სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს”. შესაბამისად, 180 კრედიტის ათვისებას 3 წელი სჭირდება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ვკითხულობთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას მინისტრი განსაზღვრავს.
ბრძანება, რომლითაც “ქართული ოცნების” განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კრედიტების ოდენობები განსაზღვრა, რამდენიმე დღის წინ, 20 თებერვალს გამოქვეყნდა. ბრძანების მიხედვით, გამონაკლისის სახით 240 კრედიტი, ანუ 4-წლიანი სწავლება შენარჩუნდება შემდეგ პროგრამებზე:
- პროგრამა, რომელსაც მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა;
- სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
- მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
- ფარმაციის, ელექტრობისა და ენერგიის, მექანიკისა და ლითონის საქმის, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების, გემების და საჰაერო ხომალდების დეტალური სფეროს, საავიაციო ინჟინერიის, სურსათის გადამუშავების, სამთო საქმე და მოპოვების, არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების, მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის, სახვითი ხელოვნების, მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების, თერაპია და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოქიმიის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, გეოფიზიკისა და გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.
120- კრედიტიანი, ანუ 2-წლიანი სწავლება შენარჩუნდება ამ და მსგავს პროგრამებზე მაგისტრატურის საფეხურზეც. სხვა დანარჩენი კი 1-წლიანი გახდება.
ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა პროგრამებზე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საბაკალავრო დონეზე სწავლა 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურაზე – 1- წლიანი და ეს შეეხებათ მოქმედ პირველკურსელებსაც.
კანონში ამ ჩანაწერის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მარინე ჩიტაშვილმა.
“რომელ კანონის აღსრულებაზე და კანონის უზენაესობაზე გვაქვს საუბარი – 27000 ადამიანს დაჰპირდი, რომ გასწავლი 4 წელი და ახლა უცვლი 3 წელში? იმიტომ, რომ გამოცხადება გქონდა?! ჭრა-კერვის კურსები სავალდებულოდ უნდა იქნეს შემოტანილი სკოლებში – პროფესიული უნარიც არის და მთელი ცხოვრების მანძილზეც გამოდგება”, – წერს ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში.
“ქართულმა ოცნებამ” უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ორ ნაწილად მიიღო. პირველად, 2025 წლის დეკემბერში, ხოლო მეორედ- 2026 წლის თებერვალში.
ამავე თემაზე:







