ახალი ამბები

არ შეამციროთ 1 წლამდე ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა – მიმართვა მიქანაძეს

2 მარტი, 2026 •
არ შეამციროთ 1 წლამდე ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა – მიმართვა მიქანაძეს

ფსიქოლოგები და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები “ქართული ოცნების” განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მიმართავენ, არ შეამციროს ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა 1 წლამდე.

მათი შეფასებით, სწავლების დროის შემცირება “გამოიწვევს ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტურიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს”.

4 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტში დამტკიცებული კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს უმაღლესი განათლების დაფუძნებას 3+1 კონცეფციაზე, საიდანაც 3 წელი ბაკალავრს ეთმობა და 1 წელი მაგისტრატურას. 20 თებერვალს, “ქართული ოცნების” მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოაქვეყნა ბრძანება, რომელშიც განსაზღვრა იმ მიმართულებების სია, სადაც სწავლა ძველი პრაქტიკით გაგრძელდება. მათ შორისაა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, ფარმაცია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ბიოქიმია, საავიაციო ინჟინერია და ა.შ.  ჩამონათალში ვერ მოხვდა ვერცერთი პროგრამა ჰუმანიტარული, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამებიდან. მათ შორის, ვერც ფსიქოლოგია.

“ფსიქოლოგიის, როგორც პროფესიის, სტანდარტი განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ევროპისა და ამერიკის უმეტეს ქვეყნებში ის რეგულირებადი პროფესიაა და მინიმალური მოთხოვნა არის მაგისტრის ხარისხი. სასწავლო პროგრამის მოცულობა კი მინიმუმ 120 კრედიტი [2 წელი]. 180 კრედიტიან [3-წლიან] საბაკალავრო მოდელზე გადასვლის შემთხვევაში 120 კრედიტიანი [2-წლიანი] სამაგისტრო საფეხურის შენარჩუნება წარმოადგენს ფსიქოლოგის პროფესიული სტანდარტის, მისი მომზადების და განთლების ხარისხის და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ პირობას.

საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყანა, თავის თავზე იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად დანერგოს და დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებს განათლების სფეროში. შესაბამისად, ფსიქოლოგიის სწავლება და ფსიქოლოგის კვალიფიკაცია ავტომატურად ექცევა ამ შეთანხმების ჩარჩოში”, – წერია განცხადებაში, რომლითაც პარქტიკოსმა ფსიქოლოგებმა და ფსიქლოგიის მიმართლების პროფესორ-მასწავლებლებმა მიქანაძეს მიმართეს.

ისინი ეყრდნობიან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, რომელიც 2019 წელს დაამტკიცა მაშინდელმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა. ჩარჩოს მიხედვით, ფსიქოლოგიის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს “სფეროს ღრმა, სისტემური ცოდნა, მისი კრიტიკული გააზრების უნარი” და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

“ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს აქვს დამოუკიდებლად მუშაობისათვის ყველა საჭირო უნარი. მაგისტრატურის საფეხური ასევე ნიშნავს კვლევის უნარის განვითარებას და დამოუკიდებელი კვლევითი საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადებას”, – წერია ფსიქოლოგის კვალიფიკაციის ჩარჩოში, განცხადების ავტორები კი მიიჩნევენ, რომ 1-წლიანი სწავლის განმავლობაში ამ შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

გარდა ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციისა და ბოლონიის პროცესის პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ჯამში, მინიმუმ 5-6 წელს უნდა მოიცავდეს. “ქართული ოცნების” რეფორმის შემდეგ, ეს დრო 3-4 წლამდე მცირდება.

“[ეს] ავტომატურად ნიშნავს პროფესიული დისკვალიფიკაციას, საქართველოში მომზადებული ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონდე ადამიანის არათავსებადობას მინიმალური სტანდარტთან”, – წერია სფეროს პროფესიონალების მიერ მიქანაძისთვის გაგზავნილ წერილში.

საკითხს გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.

“თსუ ყოველთვის იყო და დღესაც ინარჩუნებს ფსიქოლოგიის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების სტანდარტს და უწყვეტად მუშაობს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ფსიქოლოგიის დარგების განვითარება ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად”, – წერია ფაკულტეტის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი