პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე დროებით, შვილის დაბადების დღისთვის დატოვა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს საკითხიო “არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან”.
ეს ფორმულირება აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა პენიტენციურს ვინმემ მიმართა ამ თხოვნით, ან საკითხი სხვა რაიმე საფუძვლით დადგა დღის წესრიგში. თუმცა, როგორც უწყებაში ირწმუნებიან, მათ “არც კი განიხილეს”.
“მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან.
ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება”, – წერია ოენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ 5 თებერვალს, ღარიბაშვილმა ციხე დროებით დატოვა, რათა შვილის დაბადების დღეს დასწრებოდა, “შაბათის ფორმულამ” გაავრცელა.
პენიტენციურ სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. თუმცა, აცხადებენ, რომ ამ კადრებს ვერ გაასაჯაროებენ, მიზეზად კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს იშველიებენ. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ აქამდე არაერთხელ გაუსაჯაროებია მსჯავრდებულების კადრები ციხის შიდა ტერიტორიიდან. მაგალითად, მათ გაასაჯაროვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები; ასევე, პენიტენციურმა გაასაჯაროვა გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის კადრებიც.
ამ და სხვა მსგავს შემთხვევებში უწყება კადრების გავრცელების საფუძვლად “მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს” ასახელებს. ღარიბაშვილის შემთხვევაში კი პენიტენციური დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, მიმართონ სახალხო დამცველს, “რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა”.
განახლება: პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია”.








