ახალი ამბები

რა (არ) ჩანს პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში | იოსებ გორგაძის საქმე

6 მაისი, 2025 •
რა (არ) ჩანს პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში | იოსებ გორგაძის საქმე

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა დამონტაჟებული ვიდე-ჩანაწერი, სადაც ჩანს გარდაცვლილი იოსებ გორგაძე და მისი საკნის მიმდებარე ტერიტორია. უწყებაში ამბობენ, რომ კადრები გადაღებულია 21, 22 და 23 იანვარს – ბრალდებულის კლინიკაში გადაყვანამდე. ვიდეო, ჯამში, დაახლოებით ნახევარ-საათიანია და ნაწყვეტებადაა მოცემული კონკრეტულ დღესა თუ საათზე მიმდინარე მოვლენები.

სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ჩანაწერები 14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით პერიოდში, რაც ჯამში, დაახლოებით 220-საათია. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის მასალიდან ამოიღეს, დაამონტაჟეს და ასაჯაროებენ “მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს”.

მათივე მტკიცებით, “ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.

თუმცა კადრების შერჩევითად ამოღება და დამონტაჟება აჩენს კითხვებს, რომლებზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობს.

გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ითხოვს, სამინისტრომ გაასაჯაროოს მინიმუმ 22 და 23 იანვარს განვითარებული მოვლენების უწყვეტი მასალა. ის ამბობს, რომ ის ნაწილიც კი, რაც გაასაჯაროვეს, ვერ ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ვერსიას, თითქოს გორგაძე არ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ციხეში და კლინიკაში სავარაუდო ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოაქვეყნონ სრული ვიდეომასალა. ეს ადამიანი ტელეფონზე რომ რეკავს და ეგრევე საკნის კადრებს რომ აჩვენებენ, ეს 20 წუთი სად იყო ეს ადამიანი? გზაში იყო? ვისთან ერთად იყო? როგორ იყო?

არ აქვეყნებენ.

როდესაც ის საკნიდან გამოჰყავთ ხელებჩამოყრილი, საკაცეზე უგონო მდგომარეობაშია. საკანში შედის რამდენიმე ბადრაგი. არცერთი კადრი არ არის სრულყოფილი. გამოაქვეყნენონ სრული ვიდეომასალა “ვივამედში” მიყვანამდე. ამას არ აკეთებენ და ეს არის პრობლემა. თუმცა ეს არ არის მხოლოდ. მთავარია ის, რომ ერთი წაქცევით ამდენ მოტეხილობას მიიღებდა ეს ადამიანი თავის არეში? თავი მთელი არ აქვს კაცს. 30-ზე მეტი მოტეხილობა აქვს და როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი წაქცევით მიიღო ეს დაზიანებები. ხომ წარმოუდგენელია?!”, – ამბობს ადვოკატი.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საკნიდან გამოყვანის დროს გორგაძეს ხელი საკაციდან უვარდება. სავარაუდოა, რომ ამ დროს გონება დაკარგული აქვს და/ან ვერ ახერხებს სხეულის კონტროლს. ბადრაგი პატიმრის ხელს იღებს და მას გულ-მკერდის არეზე ადებს. ამის შემდეგ კადრში უკვე ჩანს, როგორ შეჰყავთ გორგაძე სასწრაფო დახმარების მანქანაში. სამინისტროს მიერ დამონტაჟებულ ვიდეოში სასწრაფო დახმარების მანქანაში შეყვანის კადრი მოახლოებულია იმგვარად, რომ გამოჩნდეს პატიმრის სახე. სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრში მას სახეზე დაზიანებები სავარაუდოდ არ აღენიშნება. თუმცა სავარაუდოა, რომ ამ მომენტშიც გონება დაკარგული აქვს.

შემდეგ კადრი უკვე “ვივამედში” შეყვანის მომენტს ასახავს. ამ ნაწილში ჩანს, რომ გორგაძე მოძრაობს. ის ატრიალებს თავს, ასევე ხელს სწევს და იდებს თავზე. ამ კადრში გორგაძე წელს ზემოთ შიშველია. ვიდეოში არ ჩანს, რომ მის სხეულზე თვალით ხილული დაზიანებები აქვს.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ აქვს ნანახი კადრები, სადაც ჩანს სიწითლეები გორგაძის სხეულზე. როგორც ჩანს, ეს კადრები სამინისტროს მიერ შერჩეულ და დამონტაჟებულ ნაწილში ვერ მოხვდა, თუმცა, ადვოკატის თქმით, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ღურწკაია განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიმარს სხეულზე თვალით ხილული დაზიანებები არ ეტყობა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მასზე ფიზიკურად არ უძალადიათ. ის იმოწმებს “ვივამედის” დასკვნას, სადაც საუბარია არაერთ დაზიანებაზე თავის არეში და სვამს კითხვას – როგორ შეიძლება მიეღო ეს დაზიანებები პატიმარს?

“მთელი რიგი საკითხებია მაგ ვიდეოში, რომელსაც ადამიანი რომ დააკვირდება, ნახავს, როგორ იყო. ის, რომ საავადმყოფოსთან ხელი აწია და თავი გადაიქნია, ეს არის იმის პასუხი, რომ ის უგონოდ არ იყო? ის იყო კომატოზურ მდგომარეობაში. თავის დაზიანების დროს ადამიანი შეიძლება მოძრაობდეს კიდეც. შეიძლება წინა დღეს მიიღოს დაზიანება და მეორე დღეს გაითიშოს. ეს თავია, ეს არ არის გული, რომ რაღაცა მოხდეს და ეგრევე კვდება. თავი ცოტა სხვა სიტუაციაა

იმდენად პროფესიონალურად არის შესრულებული [ძალადობა], თავის დაზიანებები ვიზუალურად შეიძლება არც ეტყობოდეს. იმდენად პროფესიონალურად არის ნაცემი, რომ არ ეტყობა ის, რაც უნდა ეტყობოდეს. აბა, საიდან მიიღო 30 მოტეხილობა, გამცენ პასუხი მაშინ. ამას “ვივამედი” ამბობს, ხომ? “ვივამედი” ამბობს, რომ აქვს ამდენი დაზიანებაო. ყველაფერი მოტეხილი აქვს თავშიო. ყვრიმალიდან დაწყებული ფუძის ძვლებით გაგრძელებული, თავის ზედა არე, შუბლი გაბზარული … საიდან ამდენი დაზიანება?! მერე რა, რომ გარედან არ ეტყობოდა?!

ჩვენი ლოგიკა არის ერთი და ძალიან მარტივი: ამდენ დაზიანებას ერთი წაქცევით ვერ მიიღებდა. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ადამიანის სიმაღლიდან ვარდნით შეუძლებელია ეს დაზიანებები იქნეს მიღებული. ეს არის ჩვენ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა. შესაბამისად, გამოდის, რომ ვიღაცამ მიაყენა დაზიანებები. მაგრამ, ვინ მიაყენა, ჩვენ არ ვიცით. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ვინ გააკეთა, არ ვიცით. ჩვენ ვერსია ამ ნაწილში არ გვაქვს. ფაქტი ერთია, რიგით პატიმარს რომ ასე ეცემა, ეგრევე ბრალს წარუდგენდნენ, დევნა დაიწყებოდა, პატიმრობასაც შეუფარდებდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ ამისთვის. ფაქტია, რომ ვიღაცა ამ საკითხს მფარველობს იქ. ვიღაც ადამიანები არიან გარეულები, თორემ ამდენი ხანი რიგით პატიმარს ვინ გააჩერებს იქ, თუ ვინმემ ვინმე სცემა?! წარმოუდგენელია”, – ამბობს ღურწკაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ის ეხმაურება პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ციხიდან სავარაუდოდ, ტვინში სისხლის ჩაქცევისა და ინსულტის დიაგნოზით გაიყვანეს. ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პენიტენციური სამსახური ამ ვერსიის განვითარებას ისევ, როცა “ვივამედის” დასკვნა გამორიცხავს ინსულტს.

” რა თქმა უნდა, ცემის შედეგად ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონოდა თავში, ტვინში. ეს რა გასაკვირია?! თუმცა ინსულტი გამორიცხა “ვივამედის” კლინიკამ. არ არისო ინსულტი და პენიტენციურ სამსახურში კიდევ ინსულტზე ლაპარაკობენ. ეს არის სრულიად უსაფუძვლოდ. ეს გაქარწყლებულია “ვივამედის” დოკუმენტაციით. რად უნდა ამას ლაპარაკი?!”, – ამბობს მუხრან ღურწკაია.

მალხაზ ურთქმელიძემ გუშინ განაცხადა, რომ “ვივამედის” დასკვნაში მოცემული დიაგნოზი ასახავს არა იმას, რა მდგომარეობაში შევიდა პაციენტი კლინიკაში, არამედ მკურნალობის პროცესში განვითარებულ გართულებებსაც.

“რაც შეეხება, პრესაში გაჟღერებულ და გამოაშკარავებულ ე.წ. დიაგნოზებს – სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ე.წ. ფორმა 100 წარმოადგენს კლინიკის საბოლო დასკვნას, დოკუმენტს, სადაც ასახულია ყველა დიაგნოზი, როგორც თანმხლები, ასევე მკურნალობის პროცესში განვითარებული  გართულებები. თქმა, რომ შესვლისას იყო ეს დიაგნოზები, რა თქმა უნდა, აბსურდია.

საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ, ასევე გამოძიების დამთავრების შემდეგ. ამიტომ ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისაგან”, – განაცხადა ურთქმელიძემ.

რაც შეეხება თვალით ხილულ გარეგან დაზიანებებს, ურთქმელიძის თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს მხოლოდ წარბთან ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა. ის სასწრაფო დახმარების ბადრაგზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჭრილობა გორგაძემ უშუალოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში მიიღო, “როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცის გვერდით მყოფ რკინის მაგიდას”.

მართალია, ჭრილობა იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არ  ჩანს. თუმცა იმ ნაწილში, რომელიც უწყებამ მნიშვნელოვან გარემოებად ჩათვალა და დაამონტაჟა, ჩანს, რომ სამედიცინო პერსონალი “ვივამედში”, ლიფტში შეყვანამდე მას რამდენჯერმე ხელით უსინჯავს მარცხენა წარბს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი