ახალი ამბები

სააკაშვილის კადრების გამო პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმეს

16 მარტი, 2023 • 1169
სააკაშვილის კადრების გამო პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმეს

მიხეილს სააკაშვილის ვიდეოკადრების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 500 ლარით დააჯარიმა.

უწყების განცხადებით, დაასრულეს შესწავლა, თუ რამდენად კანონიერი იყო 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს პენიტენციურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, რომლებიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი იყო.

„სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებათა და მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზების, მათი ურთიერთშეჯერებისა და საერთო ანალიზით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად, რაც კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს, თუმცა სოციალური ქსელის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერებიდან 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის გასაჯაროებისას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების პროპრორციულობის დაცვა“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, შემოწმებით გამოვლინდა სხვა სამართალდარღვევის ფაქტებიც, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნეს სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით 3 ეპიზოდზე.

კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ 2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდის  გასაჯაროება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი კადრებია, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე მოხდა.

მათი განცხადებით, 9 აგვისტოს ეპიზოდზე ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით იყო ინფორმირებული.

უწყების განცხადებით, ასევე დარღვევით იყო სამედიცინო დაწესებულებაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების ვადის განსაზღვრის გარეშე შენახვა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური, ასევე, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ვიდეომეთვალყურეობის თაობაზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტზე.

სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი