საქართველოში ესტონეთის ელჩს, მარგე მარდისალუ-კაჰარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერის გამო განმარტება მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“2026 წლის 24 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას
ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად ესტონეთის ელჩს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი შეხვედრის შესახებ.
ორი დღის წინ, 22 თებერვალს, ესტონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ელჩი ილიაუნის რექტორთან, ნინო დობორჯგინიძესთან ერთადაა გადაღებული.
“ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით” – წერია ფოტოს აღწერაში.
“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის შედეგად, ილიას უნივერსიტეტში უქმდება 60-მდე სასწავლო პროგრამა. პრორექტორის, გიორგი გვილიას ცნობით, ამით უნივერსიტეტი დაკარგავს სტუდენტების დაახლოებით 90%-ს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რჩება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
ამავე თემაზე:








