კომენტარი

ახალგაზრდას ტოვებენ გაუგებარ სიტუაციაში და სანაცვლოდ ვერაფერს სთავაზობენ – ილიაუნის პროფესორი

17 თებერვალი, 2026 •
ახალგაზრდას ტოვებენ გაუგებარ სიტუაციაში და სანაცვლოდ ვერაფერს სთავაზობენ – ილიაუნის პროფესორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ეხმაურება “ქართული ოცნების” განათლების რეფორმას.

ის ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის მიმართულებით ასწავლის და იმ ლექტორებს შორისაა, რომელთა პროგრამა უნივერსიტეტში დარჩა. თუმცა, როგორც ამბობს, მისაღების სტუდენტების რაოდენობა რამდენიმე ათეულით შეამცირეს. მარსაგიშვილი სვამს კითხვას, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც შემცირებული კვოტების გამო, ვერ მოხვდებიან მათთვის სასურველ მიმართულებებზე.

“როდესაც პირველად გავიგე პოსტულატი ამ რეფორმის – “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” – ვიფიქრე, რომ ფაკულტეტების დასახელების გამეორება არ უნდათ-მეთქი სხვადასხვა უნივერსიტეტში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაკულტეტსა და საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამას შორის განსხვავებაში ამ ლოზუნგის ავტორი მაინცდამაინც გარკვეული არ იყო. რეალურად, აღმოჩნდა, რომ პროგრამები იგულისხმებოდა.

მერე სულ ვფიქრობდი, რაშია საქმე, რატომ არიან ამის წინააღმდეგი – რატომ არ შეიძლება ერთ ქალაქში, ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, რატომ არ შეიძლება ორ, ან სამ უნივერსიტეტში ერთი და იგივე სპეციალობის პროგრამა ფუნქციონირებდეს? მერე დებატებში მოვისმინე, რომ ამის მიზეზი ყოფილა რესურსების სიმწირე.

როდესაც არიან ადამიანები – თამთა ხალვაში, გიგა ზედანია, თათა ცოფურაშვილი, ემზარ ჯგერენაია, ბელა წიფურია,ნინო ფირცხალავა … მათ მიმართულებებს აუქმებ და მეუბნები, ვაუქმებ იმიტომ, რომ რესურსის სიმწირეაო. კი მაგრამ, ეს ხალხი რომ გყავს ქვეყანაში და მელაპარაკები, რომ ეს ლოზუნგი, თურმე, გამოწვეული არის რესურსების სიმწირით, ამას რა ტიპის ლოგიკური ახსნა შეიძლება მოეძებნოს, არ ვიცი.

მეორე, რაც განაცხადეს [რასაც დააფუძნეს რეფორმა], არის ტრადიციები. ილიას უნივერსიტეტი რამდენიმე ინსტიტუტის გაერთიანების საფუძველზე აღმოცენდა. ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, რომელსაც დაეფუძნა ილიას უნივერსიტეტი, ეს იყო უცხო ენების ინსტიტუტი, რომელსაც იმ დროისათვის ერქვა ენისა და კულტურის უნივერსიტეტი. ათწლეულების განმავლობაში, უცხო ენის სწავლება ამ ქალაქში ხდებოდა უცხო ენების სპეციალიზებულ ინსტიტუტში და მე-5 კორპუსში [თსუ-ის]. ამ მინისტრმა [გივი მიქანაძემ] გამოაცხადა, რომ ანგლისტიკის მიმართულებაზე, ბაკალავრიატში, შეგიძლიათ მიიღოთ 20 სტუდენტი. მაგისტრატურა ანგლისტიკაში საერთოდ გაქრა […]

პირველკურსელები პირველი სემესტრის დამთავრების შემდეგ აკეთებენ არჩევანს სამომავლო პროფესიისათვის. ახლა რეგისტრაცია დამთავრებულია. დღეისათვის, აი, ამ წუთისათვის, ანგლისტიკა არჩეული აქვს პირველი კურსელებიდან 322 სტუდენტს. ახლა ხელისუფლება მეუბნება, რომ ახალი სასწავლო წლიდან – 2026-2027 სასწავლო წლიდან – შენ შეგიძლია მიიღო მხოლოდ 20 [სტუდენტი]. სად არის გათვალისწინებული ამ ადამიანების საკონსტიტუციო უფლება, თვითონ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრება და თავიანთი სურვილის მიხედვით აირჩიონ საკუთარი პროფესია? ამ ხალხს რას ვეუბნებით? ამ ახალგაზრდებს რას ვთავაზობთ სხვას?

[…] ქვეყანა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდების განათლებაზე, ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მიდის. უამრავ ახალგაზრდას ტოვებს გაუგებარ სიტუაციაში და სანაცვლოდ მას უკეთესს კი არა, მსგავსსაც ვერაფერს სთავაზობს”, – ამბობს პროფესორი მარსაგიშვილი.

“ქართული ოცნების” განათლების რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტების დიდ ნაწილში უქმდება სასწავლო პროგრამები. 12 თებერვალს “ქართული ოცნების” განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.“ოცნების” გადაწყვეტილებით:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
  • სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
  • სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
  • სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
  • ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
  • ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი