ახალი ამბები

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ანდრო ჭიჭინაძეც ტოვებს

23 თებერვალი, 2026 •
ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ანდრო ჭიჭინაძეც ტოვებს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ტოვებს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს. გლდანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ ამ სიმბოლური წესით გამოხატავს სოლიდარობას მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, რომლებმაც თეატრი მას შემდეგ დატოვეს, რაც შენობის ფასადიდან ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.

“მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს! ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.

ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, “მეგობრებო”. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.

თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია”, – წერია ჭიჭინაძის წერილში.

ორი დღის წინ, 21 თებერვალს, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს მსახიობებმა: კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, ნანკა კალატოზიშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, დავით ბეშიტაშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, მანუ თავაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ირაკლი ჯაფარიძემ.

ამით მათ გააპროტესტეს თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა, რომელსაც ეწერა: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”. ეს ბანერი თეატრის ფასადზე ჭიჭინაძის დაკავების შემდეგ გადმოფინეს და იქ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეკიდა.

ბანერი თეატრის ფასადიდან პირველად 19 თებერვალს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს. ისინი ამბობდნენ, რომ თეატრის სივრცე იქირავეს მუსიკალური პროექტისთვის და ჭიჭინაძის ბანერის ნაცვლად  ამ პროექტის სარეკლამო ბანერები უნდა განეთავსებინათ. ამ დღეს მსახიობებმა ბანერი უკან დააბრუნეს. თუმცა, მეორე დღეს, 20 თებერვალს ის მაინც ჩამოხსნეს. 21 თებერვლიდან მსახიობთა ნაწილმა თეატრის დატოვების შესახებ განაცხადა.

ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის დეკემბერში დააკავეს პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით, რის გამოც 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 2025 წლის სექტემბერში, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება შეუცვალა და მასთან ერთად დაკავებულ სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო ჯგუფურად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რისთვისაც 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ანდრო ჭიჭინაძე სპექტაკლებში არ ჩაანაცვლეს. მისი დაკავების შემდეგ თეატრმა მუშაობა გააჩერა და დაიწყო რეგიონული ტურნე – “ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი”, რომლითაც მოქალაქეებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია როგორც ჭიჭინაძის, ისე სხვა სინდისის პატიმრების შესახებ, ასევე- “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის გაპროტესტებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი