ირანის საელჩოს მოსაწვევთან დაკავშირებით „ქართული რესპუბლიკის“ წევრები — გიორგი თავართქილაძე და ლევან ნიშნიანიძე — ირანის ელჩს საქართველოში, სეიედ ალი მოჯანის შეხვდნენ.
ელჩმა შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც „ქართულმა რესპუბლიკამ“ მას ოფიციალური საპროტესტო წერილით მიმართა.
შეხვედრის შემდეგ ირანის ელჩმა დაწერა, რომ „გულწრფელი საუბარი“ გაიმართა.
„შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა სხვადასხვა ეპოქაში ქართველთა ისტორიული კონტაქტები ირანთან — გადასახლებების ტკივილიდან დაწყებული, მათი მნიშვნელოვანი როლით დამთავრებული თავდაცვაში, ვაჭრობაში, ხელოვნებაში, მრეწველობასა და პოლიტიკაში. წარსულის ტრაგიკული მოვლენები ორი ერის მტკივნეული ისტორიული მეხსიერების ნაწილია. ქართველთა ღვაწლისა და ირანის წინსვლაში მათი ღირსეული მონაწილეობის ეპიზოდებიც ამ ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისტორიას არ ვსწავლობთ იმისთვის, რომ ერები გავაკრიტიკოთ გარდასული ეპოქის მმართველების ქმედებათა გამო; მას ვუბრუნდებით იმისთვის, რომ ვისწავლოთ და მიუკერძოებლად შევაფასოთ ძალადობა და სამართალი. მათი პოზიცია, რომ შაჰ-ა აბასის ან სტალინის ქმედებები ვერ გახდება დღევანდელი ერების შეფასების საფუძველი, ჩემთვის ფასეულია და პოლიტიკური სიმწიფის ნიშანს წარმოადგენს. ქართული ეროვნული იდენტობის დაცვის პარალელურად, მათ გამოხატეს პატივისცემაც ირანელი ხალხისა და ირანული კულტურის მიმართ. ორი ერის ისტორიული მეგობრობის შენარჩუნება და გაძლიერება ჩვენს საერთო ხედვას წარმოადგენს“, — დაწერა ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ორ ერს შორის მეგობრობა, „წარსულის სირთულეების მიუხედავად“, მყარია და დღესაც ცოცხლობს.
ელჩმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიკოსებს შორის სამეცნიერო და კრიტიკული დიალოგის და ისეთი დისკურსის საჭიროებას, „რომელიც ისტორიას აქცევს ურთიერთგაგების ხიდად და ხელს შეუწყობს ჩვენი შვილებისთვის ნათელი მომავლის შექმნას“.
„ქართული რესპუბლიკა“ მიესალმა შეხვედრის შემდგომ ელჩის მიერ გაკეთებულ დამატებით განცხადებაში ხსენებული მოვლენის ტრაგიკულობასა და გადასახლების ტკივილზე ხაზგასმას.
„აგრეთვე, ვაფასებთ, რომ ჩვენ მიერ გადაცემული წერილის შემდგომ, ელჩმა გამოხატა შეხვედრის სურვილი და ჩვენი პოზიციის მოსმენის მზაობა. ჩვენთვის ბოლო დღეები იყო დასტური იმისა, რომ როდესაც ხალხი მზადაა საკუთარი ღირსების დასაცავად, შედეგი ყოველთვის დგება. ჩვენ გვსურს მეგობრული ურთიერთობა მეზობლებთან, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ისტორიული სიმართლის პატივისცემისა და ეროვნული ღირსების აღიარების საფუძველზე“, — ნათქვამია „ქართული რესპუბლიკის“ განცხადებაში.
„ქართული რესპუბლიკის“ განცხადებით, მათმა წევრებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს ქართველი ხალხის შეშფოთება საელჩოს მიერ გავრცელებული მოსაწვევის ტექსტისა და ელჩის 11 თებერვლის სიტყვის თაობაზე.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ შაჰ-აბასის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების იძულებითი გადასახლება ფერეიდანში არის ჩვენი ერის უდიდესი ტრაგედია. აღვნიშნეთ, რომ ამ კონტექსტში ტერმინების „Anniversary“ და „Arrival“ გამოყენება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ელჩმა გამოთქვა წუხილი XVII საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო“, — წერს „ქართული რესპუბლიკა“.
„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“, — ეწერა მოსაწვევზე, რომელიც ირანის საელჩომ საქართველოში ისლამური რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების სტუმრებს გაუგზავნა. თარიღი შაჰ-აბასის ლაშქრობების შემდეგ ქართველების იძულებითი გადასახლების პერიოდს ემთხვევა.
ირანის საელჩომ ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიღებას 11 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
„საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინ წასაწევად“, — განაცხადა ლაშა დარსალიამ მიღებაზე.
საქართველოს საგარეო უწყებამ მოსაწვევის ტექსტზე კომენტარი არ გააკეთა.
ამ თემაზე:
„ირანში ქართველების ჩასვლის 410 წლისთავი“ — რა იზეიმეს ისლამური რევოლუციის წლისთავზე თბილისში








