11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.
როგორც „ნეტგაზეთს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა ირანის საელჩოს მომართვის საფუძველზე, „რაც უკავშირდება ირანის ეროვნულ დღესასწაულს“.
„როგორც იცით, მსგავსი პრაქტიკა წლებია არსებობს, როდესაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოგვმართავენ თხოვნით, ყოველთვის ვანათებთ ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში. ამდენად, როგორც წინა წლებში, წელსაც განათდა ანძა ირანის დროშის ფერებში“, — აცხადებენ მერიაში.
ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ თქვა, რომ „ეს არის იმ რეალობის ნათელი სიმბოლო, რომ დღევანდელი ირანისადმი პატივისცემა ოფიციალურ და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული და არა საინფორმაციო ქსელების ყალბ ანგარიშებში“.
ელჩი ასევე აქვეყნებს ინფორმაციას და ფოტოებს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღების შესახებ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესწრებოდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით მივულოცო ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული. ეროვნულ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ქვეყნისთვის და ის ასახავს მის ისტორიულ გზას, ქვეყნის განვითარებასა და ეროვნულ იდენტობას. ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში ხალხთა შორის არსებული მჭიდრო კავშირები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველს. ჩვენ ვაფასებთ ირანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ამ წლების განმავლობაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენ ამისათვის ირანის მადლიერნი ვართ. საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინ წასაწევად“, — განაცხადა ლაშა დარსალიამ მიღებაზე ირანის საელჩოს ინფორმაციით.
თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებამ კრიტიკა გამოიწვია იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ ირანის რეჟიმმა მასობრივი რეპრესიები გაატარა საპროტესტო აქციებში მონაწილე საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
„თბილისის თავზე ირანის დროშა ფრიალებს. აიათოლების რევოლუციის 47-ე წლისთავს აღნიშნავენ. კახა კალაძე, რა დაგმართნია? — ჯერ იყო და, ბერლუსკონი რა მაგარი კაციაო. ახლა ირანელი ხალხის მწამებელი, მკვლელების და დესპოტების დღესასწაულს გვაზეიმებ“, — დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ.
თეირანში მაღაზიების მფლობელებისა და ბაზრის მოვაჭრეების შეკრებები და გაფიცვები 2025 წლის მიწურულს დაიწყო და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. უსაფრთხოების ძალებმა პროტესტი ძალადობრივად ჩაახშეს და ათი ათასობით ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ცნობით, დადასტურებული დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7 000-მდეა, აქედან 6 490 მომიტინგეა.







