თბილისის მერი, კახა კალაძე ამჯერად ჰადსონის ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით ითხოვს გამოძიების დაწყებას.

ეს კვლევა, “სამოქალაქო იდეის” კვლევის მსგავსად, საქართველოში ირანის გავლენებს ეხება. ორივე შემთხვევაში ირანული კომპანიებისა და გავლენების შესახებ აკადემიურ კვლევას კალაძე ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად აფასებს და აცხადებს, რომ კვლევის ავტორთა საქმიანობით “შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ”.

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, [რომლებიც] ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულები. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი არ აქვთ მათ ამ ქვეყანასთან […] მათი მხრიდან ინტერესი არის, როგორ გადადგან მტრული ნაბიჯი. არანაირი ფაქტი, არანაირი კონკრეტიკა არა არსებობს. ეს არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება […] იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში რამდენად დაძაბული და რთული ვითარება არის, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა და შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

უფრო მეტიც, ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, კალაძემ თქვა, რომ საქართველოსა და ირანის ურთიერთობების კვლევით და შესაბამისი მონაცემების გაზიარებით ზიანდება საქართველოს პარტნიორობა აშშ-თან.

“მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. თუ ქვეყანა და ხალხი უყვართ, მით უმეტეს, ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ უნდა აკეთებდნენ?”, – ამბობს კალაძე.

რა წერია ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაში?

ჰადსონის ინსტიტუტმა კვლევა საქართველოში ირანის “მზარდი გავლენების” შესახებ 3 მარტს გამოაქვეყნა. 

კვლევის ავტორები არიან ყოფილი პარლამენტარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და თავად ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი.

კვლევის მიხედვით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დონის შემცირებასთან ერთად, საქართველომ დაიწყო “სხვა მიმართულებით მოძრაობა”. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ავტორები ირანის “გეგმაზომიერ და ორგანიზებულ” მცდელობას, გააფართოოს გავლენები საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ირანის ფოკუსი “მიმართულია ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელ, შიიტ მოსახლეობაზე”. ამ კონტექსტში ნახსენებია, მათ შორის, გარდაბანში მოქმედი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც ავტორიზაცია არ აქვს.

სწორედ ამ სასწავლებელზე გამოთქმული მოსაზრებების გამო, გუშინ, 5 მარტს, კრიტიკის ობიექტი გახდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.  ხიდაშელის თქმით, ეს არის აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული სასწავლების ერთგვარი ფილიალი, რომელიც საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს. ვოლსკის თქმით, გარდაბანში მოქმედი დაწესებულება არის 100 კვადრატული ფართობის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ყურანს სწავლობენ. ვოლსკის შეფასებით, ხიდაშელის განცხადება არა მხოლოდ სიცრუე, არამედ დანაშაულიცაა.

ხიდაშელის განცხადება კალაძემ ქვეყნის ღალატად შეაფასა და “შესაბამის უწყებებს” დაინტერესებისკენ მოუწოდა. “დანაშაული” უწოდა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმაც.

“მე ვურჩევდი ყველას, ვისაც ოდნავ მაინც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე და მის მომავალზე, რომ პრობლემით დაინტერესდეს და არა იმით, ვისი განცხადება მოსწონთ და ვისი არ მოსწონთ. მე კახი კალაძის მუქარების არ მეშინია. ეს ძალიან კარგად იცის მანაც და ყველამ. მე იმის მეშინია, რომ ჩვენს ქვეყანას არ დაემუქროს პრობლემა იმ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც “ქართული ოცნება” წლების განმავლობაში იღებს და ირანთან ურთიერთობებში განსაკუთრებით მზარდად ავითარებს ურთიერთსიყვარულზე თუ ურთიერთერთგულებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს”, –  განაცხადა ხიდაშელმა კალაძისა და ვოლსკის საპასუხოდ.

ჰადსონის ინსტიტუტამდე, საქართველოში ირანის გავლენებზე კვლევა გამოაქვეყნა “სამოქალაქო იდეამ”, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს. კვლევაში საუბარია ირანული ნავთობის იმპორტიორ კომპანიებსა და მათ კავშირებზე საქართველოში, მათ შორის- საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. კვლევის მიხედვით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. აღნიშნული კომპანიებიდან ნაწილი დაკავშირებულია “ქართული ოცნების” შემომწირველებთან, მათ შორის პარლამენტის წევრებთან.