ახალი ამბები

მასწავლებლები ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებენ

23 ივნისი, 2025 •
მასწავლებლები ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებენ

პატიმრობაში მყოფ მასწავლებელსა და აქტივისტს, ნინო დათაშვილს მასწავლებლები საერთო განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც მასწავლებელთა განცხადებაშია აღნიშნული, ნინო დათაშვილის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

მასწავლებლები მოითხოვენ, ნინო დათაშვილს შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა- სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მასწავლებელთა განცხადებას.

„20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა, ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი.

ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ – სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.

ნინოს მიმართ სისხლის სამართლის ამ აბსურდული ბრალდების წარდგენის პირობებშიც კი, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება. არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი ამისთვის არ არსებობს. ეს დადასტურდა კიდეც 21 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, როცა პროკურორებმა ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს და პატიმრობის მოთხოვნისას მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეტური მოსაზრებებით შემოიფარგლნენ.

ნინო დათაშვილი არის ფილოლოგი, თეოლოგი და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ის არის გამორჩეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება და ყოველთვის მზად არის, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო აქტივობებში ჩაერთოს. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ნინო კანონმორჩილებით და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვით ცდილობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას. ნინო მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ის ამჟამადაც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და მისთვის, როგორც დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი შვილის გვერდით გაატაროს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება ნინოს პოლიტიკურ დევნად, რადგან არსებულ ვითარებაში პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდგომში კი მოხდეს ამ ინციდენტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რის საფუძველზეც აღიძრა ეს აბსურდული სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია მასწავლებელთა განცხადებაში.

ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერს  270-ზე მეტი მასწავლებელი და განცხადება ღიაა მასწავლებლებისთვის, ვისაც სურს, რომ ნინო დათაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ნინო დათაშვილს ბრალად საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმა ედება. ის 20 ივნისს დააკავეს. როგორც სასამართლოში აღინიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან, და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“. საჯარო მოსამსახურე, ვისაც, პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას. მანდატურმა ნინო დათაშვილს დარბაზთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც დერეფანში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. აქედან იწყება სიტყვიერი დაპირისპირება ნინო დათაშვილსა და მანდატურს შორის. მას შემდეგ კი, რაც მანდატურმა მისი იძულების წესით გაყვანა სცადა, ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ნინო დათაშვილი რამდენიმე მანდატურმა ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

ნინო დათაშვილმა, როგორც მაშინვე აღნიშნა და სასამართლოშიც გაიმეორა, მომხდართან დაკავშირებით მიმართა 112-ს და პატრული გამოიძახა, თუმცა პატრული მის გამოძახებაზე სასამართლოში არ გამოჩენილა.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, 112-ს მიმართა სასამართლოს მანდატურის სამსახურმაც და სწორედ ეს გახდა 11 ივნისს დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფორმალური საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი