საზოგადოება

„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე

21 ივნისი, 2025 •
„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე

სამოქალაქო განათლების პედაგოგი, აქტივისტი ნინო დათაშვილი 21 ივნისიდან „ქართული ოცნების“ ტყვეთა და სინდისის პატიმრების რიგებში უკვე ოფიციალურად გაამწესეს. სისტემამ ამჯერად გადაწყვეტილება მორიგი ახალდანიშნული მოსამართლის, ეკა ბარბაქაძის პირით მიიღო.

ნინო დათაშვილს დღესვე მიიღებს რუსთავის ქალთა კოლონია, სადაც უკვე ზის მზია ამაღლობელი, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი და პირველი პოლიტპატიმარი ქალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

ნინო დათაშვილს ბრალად საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმა ედება. ის 20 ივნისს დააკავეს, როგორც სასამართლოში აღნიშნა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე. წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება ორი საათის განმავლობაში, დაერეკა შვილთან, 19 წლის ლუკასთან და მიეცა მისთვის სახლის გასაღები.

„1.5 მეტრი ქალი როგორ დავესხი თავს მანდატურებს? განმიმარტეთ თავდასხმა“, — თქვა ნინო დათაშვილმა სასამართლოში.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“. საჯარო მოსამსახურე, ვისაც პროკურატურის თქმით, ნინო დათაშვილი „თავს დაესხა“, სასამართლოს მანდატური გიორგი შარიქაძეა. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 სინდისის პატიმრის პროცესის მიმდინარეობისას. მანდატურმა ნინო დათაშვილს დარბაზთან მიახლოების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ის დერეფანში ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. აქედან იწყება სიტყვიერი დაპირისპირება ნინო დათაშვილსა და მანდატურს შორის. მას შემდეგ კი, რაც მანდატურმა მისი იძულების წესით გაყვანა სცადა, ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ნინო დათაშვილი რამდენიმე მანდატურმა ძალის გამოყენებით გააძევა სასამართლოს შენობიდან.

ნინო დათაშვილმა, როგორც მაშინვე აღნიშნა და სასამართლოშიც გაიმეორა, მომხდართან დაკავშირებით მიმართა 112-ს და პატრული გამოიძახა, თუმცა პატრული მის გამოძახებაზე სასამართლოში არ გამოჩენილა.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, 112-ს მიმართა სასამართლოს მანდატურის სამსახურმაც და სწორედ ეს გახდა 11 ივნისს დათაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფორმალური საფუძველი.

„მანდატურის სამსახურის თანამშრომელმა ნინო დათაშვილს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ის არ დაემორჩილა კანონიერ მოთხოვნას. მანდატურებს გაუწია წინააღმდეგობა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამავე ვითარებაში თავს დაესხა მანდატურ გიორგი შარიქაძეს. კერძოდ, სახის არეში ხელი ორჯერ დაარტყა. ასევე მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას შეეცადა. ბრალდებულის ქმედებით, გიორგი შარიქაძემ განიცადა ტკივილი“, — ასე აღწერს პროკურატურა ეპიზოდს, რაზე დაყრდნობითაც ნინო დათაშვილს ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის უმკაცრესი ზომა, პატიმრობა მოითხოვეს.

ნინო დათაშვილის ადვოკატის განცხადებით კი, თავდაპირველად ქალს ხელით ის მანდატური შეეხო, რომელიც ახლა საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. კერძოდ ხელით მოქაჩა მას და იძალადა. ადვოკატის თქმით, მანდატურს კანონით საერთოდ არ ჰქონდა უფლება ხელით შეხებოდა მოქალაქეს და ამ ძალადობას მოჰყვა ნინოს საპასუხო რეაქცია, რაც გავრცელებულ კადრებში ჩანს. მისი თქმით, დათაშვილს დანაშაულის პროვოკაცია მოუწყვეს.

ნინო დათაშვილი ამ დრომდე არ გამოკითხულა. პროკურორმა მედეა ცირამუამ ნეტგაზეთს კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა აქამდე პროკურატურა ნინო დათაშვილის ჩვენებით, ან მოწმის, ან ბრალდებულის სტატუსით, უპასუხა, რომ საგამოძიებო ქმედებები გრძელდება და „ყველაფერი ჩატარდება“.

პატიმრობის მოთხოვნის საფუძველი, პროკურორების, მედეა ცირამუასა და ნინო კეპულაძის თქმით, ისაა, რომ ნინო დათაშვილს „შეუძლია მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე, ხელი შეუშალოს გამოძიებას, ჩაიდინოს ახალი დანაშაული და მიიმალოს“. მის მიერ ჩადენილი ქმედება კი „საფრთხეს უქმნის არამარტო საზოგადოებას, არამედ სახელმწიფო უწყებების მიერ ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას“.

ნინო დათაშვილის დაცვის მხარე პატიმრობის ალტერნატივად ითხოვდა 20 000 ლარის გირაოს შეფარდებას და სხვა დამატებითი ზომების მიღებას, თუ ამას სასამართლო საჭიროდ ჩათვლიდა, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევას და პოლიციაში სისტემატურად გამოცხადებას.

ადვოკატის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან არცერთ მოთხოვნას არ ჰქონდა საფუძველი და არ იყო გამყარებული არგუმენტებითა და მტკიცებულებებით. როგორც მიმალვის, ისე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე ლაპარაკს აქვს თავისი სტანდარტები. მტკიცებულებებს, რომლებიც უკვე მოპოვებულია, ვერ გაანადგურებს ნინო დათაშვილი. მოწმეები სასამართლოს მანდატურები არიან და ისინი უკვე გამოჰკითხა პროკურატურამ, შესაბამისად, ნინო დათაშვილს არც აქვს მათზე ზეწოლის არანაირი ბერკეტი.

„ნინო დათაშვილი არ მიმალულა. ერთხელ მაინც ეცადნენ დარეკვას? თუნდაც პოლიციაში გამოეძახებინათ, თუნდაც უწყება გამოეგზავნათ. ეს ადამიანი საზღვარზე ან გაყალბებული პასპორტით ხომ არ დააკავეთ?“ — იკითხა თამარ გაბოძემ.

ნინო დათაშვილი გარდა იმისა, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგია, არის კიდევ ორი სხვა საგნის სერტიფიცირებული მასწავლებელი, მაგისტრატურის სტუდენტი, აბიტურიენტის დედა. მან მოსამართლე ბარბაქაძეს სთხოვა, რომ გაეთვალისწინებინა მისი წარსული, კანონმორჩილება, ის, რომ მიუხედავად ყველა საპროტესტო აქციაზე მონაწილეობისა, მისი მხრიდან არასდროს ყოფილა თავდასხმა სამართალდამცველებზე, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე და რომ პირიქით, თავად გამხდარა ძალადობის ობიექტი, შვილთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელთა მხრიდან. ისაუბრა იმაზეც, რომ 3 დღე ლოგინიდან ადგომა უჭირდა 9 ივნისს სასამართლოში მომხდარის შემდეგ, ჰქონდა ჩალურჯებები, ნაკაწრები.

„არ ვაპირებ მე ამ ქვეყნიდან წასვლას, მითუმეტეს, გაქცევას და მიმალვას, მე მიყვარს ეს ქვეყანა და მინდა, რომ მას ვემსახურო. […] მაქვს ვალდებულებები კურსელებთან, ბევრ ადამიანთან. პირველ რიგში, ჩემს შვილთან, რომელიც აბიტურიენტია, წელს აბარებს და მინდა, რომ ამ პერიოდში გვერდით ვყავდე. […] ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“, — თქვა ნინო დათაშვილმა, როცა გაირკვა, რომ მომდევნო სხდომა მის საქმეზე 7 აგვისტოს ჩაინიშნებოდა, მოსამართლეს კი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილება გამოცხადებული, შეუფარდებდა პატიმრობას თუ დააკისრებდა გირაოს.

ეკა ბარბაქაძე 2024 წლის  1 ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. მან სხდომის გახსნისთანავე აკრძალა ფოტოგადაღება მედიისთვის და არ განუმარტავს აკრძალვის მიზეზი. შენიშვნა მისცა ნინო დათაშვილს, რომელიც უხმოდ და თითებით დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულს აჩვენებდა. სხდომა დაატოვებინა მოქალაქეს, რომელიც იღიმოდა და სასამართლოში „ამისთვის არ უნდა ყოფილიყო მისული“. ნინო დათაშვილის ადვოკატის თქმით, ყველაფერი მიუთითებდა, რომ „მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი